ხიდაშელი: მეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, იგი იზიარებს პოზიციას, რომ დეპუტატმა გოგი თოფაძემ გუშინ პარლამენტში გაკეტებული განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მას დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს, უნდა დატოვოს თუ არა თოფაძემ საპარლამენტო მანდატი.

“მანდატის დატოვებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს, რომ ეს განცხადება მან გააკეთა უკვე ერთხელ. დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომელიც გუშინ ჩვენ პარლამენტის ტრიბუნიდან მისგან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა, საერთოდ, ისეთი თემაა, რომელსაც ვერავის ვერ დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან არა. ეს პირადი დამოკიდებულებების და შეხედულებების საკითხია. ამიტომ ვერავის ვერ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, მე შემიძლია შევაფასო, უბრალოდ, ადამიანის განცხადებები და ამაზე გითხარით”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან,” – განაცხადა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტს გამოსვლისას სიტყვა დაუნი ან დაუნის სინდრომი არ გამოუყენებია და არც საქართელოს მოსახლეობა შეუდარებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა. “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძესდაშალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე, დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი, 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com