კომენტარი

არა “საჩუქარი”, არამედ შანტაჟია – ხიდაშელი სავიზოს გაუქმებაზე

10 მაისი, 2023 • 1610
არა “საჩუქარი”, არამედ შანტაჟია – ხიდაშელი სავიზოს გაუქმებაზე

სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებით, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას არჩევანის წინაშე აყენებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის — ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის შეფასება.

მისი თქმით, რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ მიიღო რუსეთმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ახლა, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს ელის.

“[პუტინს] აქვს კონკრეტული ამოცანა, საქართველოს ხელისუფლება ჩააყენოს არჩევანის მდგომარეობაში მოსკოვსა და ბრიუსელს შორის, სავარაუდოდ, იმის იმედით, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რაც ასეთ ვითარებაში მან უნდა გააკეთოს”, — აღნიშნავს ხიდაშელი “ნეტგაზეთთან საუბრისას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველოს მთავრობას ახლა ორი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რითაც მოსკოვის ნაბიჯს უპასუხებს:

“პირველი, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების მიმართ და, შესაბამისად, ფრენების აღდგენის ამ გადაწყვეტილების რეალიზება ვერ მოხდეს, და მეორე: ვინაიდან რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერაფერს ვუზამთ, საპასუხო ღონისძიებად დაწესდეს ვიზები რუსების მოქალაქეებისთვის და ამით გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი”.

თუმცა, თინა ხიდაშელის აზრით, მოსკოვს სჯერა, რომ “საქართველოს ხელისუფლება ასეთ რამეს ვერ გარისკავს და მორიგ ჯერზე ჩაეწერება რუსული პოლიტიკის ნარატივში ბრიუსელის წინააღმდეგ”.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ ეთანხმება დღეს გახმიანებულ მოსაზრებებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხსენებული გადაწყვეტილებით დაასაჩუქრა “ქართული ოცნების” მთავრობა, დასავლეთისადმი მზარდად ხისტი რიტორიკის გამო.

“მე ამას ასე არ ვუყურებ… პირიქით, მოსკოვი მუდმივმოქმედ რეჟიმში აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მათ ძალიან კარგად დაინახეს და გაიგეს, რომ ეს არის ფუნდამენტურად მშიშარა ხელისუფლება, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება.

ამიტომ, რატომაც არა: ყოველ ჯერზე ხელი უნდა შეუშალოს ჩვენი ქვეყნის რაიმე ფორმით პროგრესს და ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, სწორედ ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ისარგებლოს ხელისუფლების შიშებით და მორიგ ჯერზე მოსკოვური არჩევანი გააკეთებინოს მთავრობას, ნაცვლად ბრიუსელის მხარეს დგომისა”, — აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

რა ხდება

ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში თქვეს, რომ რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, შეძლებენ პირდაპირი ფრენების შესრულებას.

მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ფრენები “წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან”.

თუმცა ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სანქცირებული კომპანიები ან ხომალდები რეისებს ვერ განახორციელებენ და იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს საქართველოს “მკაფიო არჩევანზე, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი