25945

შსს: თელავში დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის მდგომარეობა მძიმეა

შსს-ს ცნობით, თელავში ერთი პოლიციის კაპიტნის მკვლელობაში და ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებული 19 წლის ახალგაზრდაა.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.

“თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა,”– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

უწყების ცნობით, ვითარების ადგილზე გასაცნობად შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი თელავში გაემგზავრა.

ავტორი