სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის გამოწვევები – რას ამბობს კვლევა

სახელმწიფოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმაზე მუშაობის პარალელურად, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრმა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კვლევა „დაგეგმილი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ წარმოადგინა.

კვლევის ავტორის, დავით უტიაშვილის განცადებით, იმის მიუხედავად, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის ძირითადი ბენეფიტი მაღალი პენსიაა, რეფორმას თან ახლავს რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ ბენეფიტს გადაწონის.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის საპენსიო რეფორმის სამსახური ამ ეტაპზე საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციას ამუშავებს და სისტემის დეტალები ცნობილი არ არის[მათ შორის ის, რომ დაგროვებითი პენსია იქნება სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი], წარმოდგენილი კვლევა ამბობს, რომ მისი სავალდებულოობის შემთხვევაში რისკები გაჩნდება.

ძირითადი გამოწვევა, რომელიც დაგროვებით საპენსიო რეფორმას ახლავს, კვლევის ავტორის თქმით, ეს არის სიღარიბე და მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა.

“ამიტომ საპენსიოდ მატერიალურ დანაზოგს ის ვერ გააკეთებს”, – ამბობს დავით უტიაშვილი.

შესაბამისად, კვლევა ამბობს, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ვერ უზრუნველყოფს “ღირსეულ” პენსიას, რადგან დაბალი შემოსავლების მოსახლეობა ვერ შექმნის მაღალ საპენსიო დანაზოგებს.

კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუკი მთავრობა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი დაგროვებითი პენსიის რეფორმას განიხილავს.

სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის გატარება გულისხმობს მთავრობის, დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ხელფასის 2%+2%+2% კონტრიბუციას სავალდებულო საპენსიო ფონდში.

“თუ დასაქმებულის საწყისი ხელფასია 1000 ლარი, 30 წლიანი მუშაობის შემდეგ მას დაუგროვდება 34, 940 ლარი. ამ თანხით მას შეუძლია 15 წლის განმავლობაში მიიღოს 262 ლარი ყოველ თვე დღევანდელი ფასებით”, – ამბობს კვლევის ავტორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი