ახალი ამბები

სასამართლო განმარტავს, თუ რატომ დაატოვებინეს პანკისელებს სხდომის დარბაზი

4 დეკემბერი, 2015 • 1727
სასამართლო განმარტავს, თუ რატომ დაატოვებინეს პანკისელებს სხდომის დარბაზი

თბილისის საქალაქო სასამართლო აიუფ ბორჩაშვილის საქმის სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სასამართლო განმარტავს, თუ რატომ შეეზღუდათ პანკისში მცხოვრებლებს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება:

“თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 24 ნოემბერს, ბრალდებულების -აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფარისებიას და გიორგი კუპრავას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კონკრეტული სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესახებ მოწმედ დასაკითხ პირთა ან/და ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობას პანკისის ხეობის მაცხოვრებელთათვის დახურვის ნაწილში დაეთანხმა დაცვის მხარე.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და ნაწილობრივ დახურა მხოლოდ 24 ნოემბრის სხდომა, იმ საფუძვლით, რომ პროცესზე დასაკითხი მოწმეები ცხოვრობენ იმავე რეგიონში (პანკისის ხეობა), სადაც ცხოვრობენ აიუფ ბორჩაშვილი და მისი ოჯახის წევრები. ამასთან, დადგენილია, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმების გარკვეული ჯგუფის „ჯამაათის“ ხელმძღვანელი – ემირი. საქმის მასალებით ირკვევა ის ფაქტიც, რომ ‘’ჯამაათის’’ წევრები ემორჩილებიან და პატივს სცემენ მას. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ 24 ნოემბრის სხდომაზე დასაკითხმა მოწმეებმა შესაძლოა სასამართლოს მიაწოდონ ა.ბორჩაშვილის მამხილებელი ხასიათის ჩვენება, რასაც შესაძლოა სხდომაზე დამსწრე ე.წ ჯამაათის წევრთა განაწყენება და გულისწყრომა გამოეწვია. აღნიშნულით კი, არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმეზე დასაკითხ პირებსა და ‘’ჯამაათის’’ წევრებს შორის მომხდარიყო კონფლიქტი, რაც ნეგატიურ შედეგებთან იქნებოდა დაკავშირებული. სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას, ზემოთაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა საქმის სპეციფიკა, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ტერორიზმით გათვალისწინებული დანაშაულებები. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო, საზოგადოების მაღალი ინტერესი, პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოება, კონკრეტულად მოწმედ დასაკითხი პირების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროცესის ნაწილობრივი დახურვა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ის არ შეიძლება განხილულ იქნას დისკრიმინაციად.

თბილისის საქალაქო სასამართლო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვს საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მეტი წინდახედულობა გამოიჩინონ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გუშინ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ პანკისის ხეობაში მცხოვრები პირების სახელით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით.

“როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხ.-ს, გიორგი კ.-სა და დავით ფ.-ს სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 327 1 (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება) და 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანტიტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ღია წესით ჩატარდა, თუმცა მომდევნო სხდომებზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ნაწილობრივი დახურვის შესახებ. 2015 წლის 24 ნოემბერს მოსამართლემ ნაწილობრივ დახურა სასამართლო სხდომა და მხოლოდ პანკისის ხეობის ტერიტორიაზე დაბადებულ პირებს დაატოვებინა სხდომა. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლომ დააფუძნა პროკურატურის შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტს, რომ მიმდინარე პროცესზე იკითხებოდნენ პანკისში მცხოვრები მოწმეები, რომელთაც აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ უნდა მიეცათ ჩვენება და ხეობაში ბრალდებულის ავტორიტეტის გათვალისწინებით, პროცესის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრის პირადი უსაფრთოხების დაცვის მიზნით, აუცილებელი იყო პროცესის დახურვა. მოსამართლემ შეამოწმა დამსწრეთა პირადობის მოწმობები და სხდომის დატოვება მოსთხოვა მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთა მოწმობაშიც დაბადების ადგილად მითითებული იყო პანკისის ხეობის ტერიტორია.

EMC-ის მტკიცებით, მოსამართლემ სხდომის ნაწილობრივი დახურვის წესი უკანონოდ გამოიყენა და წინასწარ ჩამოყალიბებული, დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამოყენებით, დაბადების ადგილის (რაც არსებითად მათი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური იდენტობის სპეციფიკას უკავშირდება) მიხედვით, ბლანკეტურად შეზღუდა პანკისში დაბადებული პირებისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება. გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლემ არ შეაფასა პროცესის მონაწილე პირების მიმართ მოსალოდნელი კონკრეტული საფრთხეები და არ მოახდინა შესაძლო რისკების დასაბუთებულობისა და გონივრულობის შემოწმება. სასამართლომ პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის რისკფაქტორად პანკისის ხეობის მოსახლეობა მთლიანობაში, აბსტრაქტულად განიხილა და ამგვარი გენერალიზებით უფლებით სარგებლობის პროცესში პანკისში დაბადებული პირების დისკრიმინირება მოახდინა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის მიმართ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ისლამოფობიური წარმოდგენების გაგრძელებას და ხელს უწყობს პანკისში მცხოვრები მუსლიმების მარგინალიზებას”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

“საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლოს მოსამართლის მიერ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი და გასცეს შესაბამისი რეკომენდაცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო; იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეისწავლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და დააკისროს მას ადეკვატური სახდელი”, – ითხოვს EMC.

მასალების გადაბეჭდვის წესი