ახალი ამბები

უმაღლესი საბჭოს განმარტება სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დაწინაურების საკითხზე

26 ნოემბერი, 2015 • 1460
უმაღლესი საბჭოს განმარტება სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დაწინაურების საკითხზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მისამართით განცხადებას ავრცელებენ და 16 ნოემბერს საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დაწინაურების პროცესს განმარტავენ.
საბჭოს წევრთა განცხადბით, 7 მოსამართლის დაწინაურებით სააპელაციო სასამართლოში საბჭოს კანონი არ დაურღვევია. ის დაეყრდნო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41- მუხლებს, რომელთა ძალითაც დაშვებულია, სულ მცირე, 2 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოქმედი მოსამართლის დანიშვნა კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში:

“ორგანული კანონით შესაბამისი პროცედურა დაწვრილებით გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ხარვეზი გამოასწორა საბჭომ, როდესაც თავისი, ამა წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საკითხის განხილვის წესი, დაწინაურების კრიტერიუმები, პროცედურა, ვადები, იუსტიციის საბჭოს წევრთა ვალდებულებები და სხვა, და გამოიყენა კიდევაც ის. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მონაცემები, მოსამართლეებთან გასაუბრება (ღია და არა დახურულ სხდომაზე), ცალკეულ კანდიდატებზე მსჯელობა საბჭოს წევრებს შორის და ა. შ.”

დაწვრილებითი რეგულაციები შემუშავდა და გამოქვეყნდა დაწინაურების მსურველ მოსამართლეთა მხრიდან განაცხადების შეტანის შემდეგ, რასაც საბჭო პროცესის ნაკლოვანებად მიიჩნევს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ამას გავლენა არ მოუხდენია კანდიდატურების სრულფასოვნად განხილვასა და სამართლიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. საბჭო აცხადებს, რომ რეგულაციების შემუშავებისას საბჭომ მიმართა არასამთავრობო სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, რათა მიეწოდებინათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები დაწინაურების კრიტერიუმებისა თუ პროცედურის საკითხებზე, თუმცა არც ერთ მხარეს მოსაზრება თუ საქმიანი წინადადება არ წარმოუდგენია.

საბჭოს განცხადებით, „კონკურსის გარეშე” მოსამართლეთა დანიშვნა პირობითია და საქმის ნამდვილ არსს არ შეესაბამება.

„კონკურსი” საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გაგებით, გულისხმობს პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს ვინმეს მოსამართლედ დანიშვნას ახალი ვადით და მისი სამუდამო გამწესების დიდი პერსპექტივით, მაშინ, როდესაც, „კონკურსის გარეშე” დანიშვნა გულისხმობს მოქმედი მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონი უშვებს მოქმედი მოსამართლის სხვა, მათ შორის ზემდგომ სასამართლოში „კონკურსის გარეშე” დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეგულაციები, ფაქტობრივად, სწორედ დასაწინაურებელი მოსამართლეების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. და ეს ასეც მოხდა პრაქტიკაში, რამდენადაც ყველა მსურველს გააჩნდა შესაძლებლობა შეეტანა განაცხადი და მოეთხოვა მისი კანდიდატურის განხილვა. საბოლოოდ, საბჭომ 26 კანდიდატიდან შეფასების შედეგად შეარჩია 7 მათგანი. ეს პროცედურა, პრაქტიკულად, მცირედით თუ განსხვავდება „კონკურსის” იმ ორდინარული პროცედურისაგან, რომელიც პირველად ანდა ახალი ვადით მოსამართლედ გამწესების დროს გამოიყენება. მთლიანობაში, დაწინაურების გზით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (28 სექტემბერი) საბოლოო კენჭისყრამდე (16 ნოემბერი) განხორციელებულ პროცედურებს დასჭირდა 50 დღე. ეს პერიოდი კი დაწინაურების მსურველ კანდიდატთა შედარებით მცირე რაოდენობის (26) მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება არასაკმარისად, და მით უფრო, ისეთ ფორსირებულ პროცესად, რომელიც საბჭოს არ მისცემდა ინფორმირებული და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,” – ნათქვამია საბჭოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

როგორც საბჭოში აცხადებენ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე მოსამართლეების ზედა ინსტანციებში გადაყვანაზე უარის თქმა მიუღებელია:

“ეს მოქმედ მოსამართლეთა დაწინაურების უფლების გაუქმების ტოლფასი და კარიერის იმ პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა, რაც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. როგორც დაწინაურების ლეგიტიმური მოტივაციის ხელშეწყობის, ისე სამოსამართლო რესურსის ეფექტიანი გამოყენების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირები ინიშნებოდნენ და მიუღებელი იქნებოდა, მოსამართლეები დაგვეყენებინა არჩევანის წინაშე – დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ან დალოდებოდნენ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას და შემდეგ ეცადათ ბედი, ანდა თავად ეთქვათ უარი უფლებამოსილების გარანტირებულ ვადაზე და დაექვემდებარებინათ თავი სამწლიანი საგამოცდო ვადისათვის, ისიც, მხოლოდ კონკურსში წარმატების შემთხვევაში.”

საბჭოს მიაჩნია, რომ დროა შეიცვალოს მიდგომები და უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას მოსამართლეთა კარიერის პრინციპის განვითარებისათვის.

საბჭოს მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმა აჩვენა, რომ საბჭოს გაუჭირდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა იმ კონტიგენტიდან, რომელიც კონკურსებში მონაწილეობდა და რომლის ძირითადი შემადგენლობა, კონკურსიდან კონკურსამდე, იგივე რჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 3 კანდიდატი დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში.

“ერთი მხრივ, ამ ფაქტორმა, მეორე მხრივ კი, იმ გარემოებამ, რომ ერთბაშად სააპელაციო სასამართლოს 10 მოსამართლეს დაუმთავრდა უფლებამოსილება, რამაც გაზარდა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და, მასთან ერთად, დარჩენილი მოსამართლეების სამუშაო ტვირთი, იუსტიციის საბჭოს უბიძგა, გადაუდებელი აუცილებლობიდან და მოსამართლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურება. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ საბჭომ გადაწყვიტა, 17 ვაკანტური ადგილიდან სააპელაციო სასამართლოებში (საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილიდან) მხოლოდ 7 ადგილი გამოეყენებინა მოქმედი მოსამართლეების დასაწინაურებლად. ამგვარად, ხსენებული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების გამოყენება არ მომხდარა ექსცესიურად და ორდინარულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საზიანოდ თუ მათი უფლებების დარღვევით. თუ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ რაიმე სხვა ინტერესებით, გარდა მართლმსაჯულების ინტერესისა, მათ არაფერი აბრკოლებდათ, რომ იგივე პირები ორდინარული კონკურსის მეშვეობით გაემწესებინათ იმავე ადგილებზე, რათა თავიდან აეცილებინათ გარკვეული ეჭვების წარმოშობა და უკეთ „შეენიღბათ” თავიანთი „არალეგიტიმური მოტივაცია”.

საბჭოს თქმით, კოალიციის საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. ასევე, აღნიშნული მასალა საბჭოში კენჭისყრის დღემდე ორი დრით ადრე და საბჭოს ზოგიერთი წევრისათვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს, ან სწორედ კენჭისყრის დღეს.

“ასეთ ვითარებაში გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული და უკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციის დისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს. დისციპლინური დარღვევის ფაქტების სათანადოდ პროცედურის გზით დადგენამდე, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია მოსამართლის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა იმ პრეზუმფციებიდან გამომდინარე, რაც დემოკრატიულ სისტემებში არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერებისა თუ დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოდ.

საბჭო ასევე უნიადაგოდ მიიჩნევს კოალიციის მოსაზრებას საბჭოს წევრებს შორის „უკანონო გარიგებების” შესახებ:

“რაც თითქოსდა იმით მტკიცდება, რომ 7-მა კანდიდატმა 11 ხმიდან მიიღო 10 ხმა. ცხადია, თითოეული კანდიდატი, მათი ღირსება-ნაკლოვანებები იყო საბჭოს წევრთა განხილვის, მსჯელობისა და საბოლოო შეთანხმების საგანი. საბჭოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეფასდეს გარკვეულ კანდიდატებზე კონსენსუსის მიღწევა უარყოფითად და რატომ იქნებოდა შეუთანხმებლობა უფრო დადებითი მოვლენა როგორც საბჭოს ქმედითობის, ისე მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით,” – აცხადებენ საბჭოში.

საბჭომ დაიწყო ახლებური მიდგომების შემუშავება. კერძოდ, დაგეგმილი აქვს, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომლის ნაწილიც გახდება მოსამართლეთა დაწინაურების კონცეფცია.

საბჭო მოუწოდებს კოალიციას, საბჭოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მონიტორინგი არ გადაზარდოს სპეკულაციებზე დამყარებულ კრიტიკაში და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი არ შეუწყოს საბჭოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას.

“ველით, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არა მარტო საბჭოს საქმიანობის კრიტიკას, არამედ იმ მძიმე საზოგადოებრივი წნეხის უარყოფით შეფასებასაც, ბოლო დროს რომ ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და ასეთ დიდ ზიანს რომ აყენებს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას.”

განცხადებას ხელს აწერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ევა გოცირიძე, ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე, ლევან თევზაძე, ვახტანგ თორდია, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და კახა სოფრომაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი