საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი

“ბიტფურიმ”, ბიტკოინის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელმაც ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან, მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ 100 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს თბილისში ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრის ასაშენებლად.

სახელმწიფომ კომპანია „ბიტფურის” პროექტის განსახორციელებლად 185 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა. კომპანია ამ ტერიტორიაზე ცენტრთან ერთად ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც გეგმავს.


არის დღეები, როცა “ბიტფურის” შემოსავალი 200 ათას დოლარზე მეტია. რამდენიმე სამინისტრო დოკუმენტებს არ ფლობს იმ ორი კომპანიის შესახებ, რომლებიც “ბიტფურიმ” საქართველოში დააფუძნა. მათ შესახებ არაფერი სმენიათ ქალაქ გორის იუსტიციის სახლშიც. “ბიტფურის” პირველი პროექტი, ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრი სწორედ გორში, იუსტიციის სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში 2014 წლის ივლისში გაიხსნა. შედეგად, პირველივე თვეში ქალაქის ელექტროენერგიის მოხმარების საერთო მაჩვენებელი 77%-ით, 9.9 მლნ კვტ.სთ-დან 17.6 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა.


რა არის ბიტკოინი და როგორ მუშაობს ის?

 

ბიტკოინი კრიპტოვალუტა, იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. მას სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ.  ბიტკოინის სისტემა საბანკო სისტემის ალტერნატიულია. მაგალითად, თუ ვინმეს საბერძნეთიდან საქართველოში ფულის გამოგზავნა ბიტკოინების მეშვეობით უნდა (რადგან ეს უფრო იაფი და სწრაფი საშუალებაა), შეუძლია ინტერნეტში გახსნას ბიტკოინის მისამართი ანუ ანგარიში და თანხა გადარიცხოს საქართველოში, მიმღების ბიტკოინის ანგარიშზე. ის ტექნიკური მოწყობილობები (კომპიუტერები, სერვერები), რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანზაქციის შემოწმებას, მიიღებენ შეტყობინებას ბიტკოინების გადარიცხვის შესახებ. ამის შემდეგ მათემატიკური ფორმულების მეშვეობით დაადასტურებენ გადარიცხვის სინამდვილეს და თანხა მიმღების ანგარიშზე აღმოჩნდება. ე.წ. „ბუღალტერი“ (ანუ ის სისტემა, რომელიც გადარიცხვის მონაცემებს ამუშავებს) კი სანაცვლოდ ახალ ბიტკოინს მიიღებს, რომელიც დღეისთვის 644 ლარი ღირს.


ბიტკოინის ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მონაცემთა გადამუშავების ცენტრი გახსნან, სადაც ბევრი სერვერი განთავსდება. სწორედ სერვერების რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ტრანზაქციის შემოწმებას შეძლებს ესა თუ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი დროის გარკვეულ მონაკვეთში და რამდენ ახალ ბიტკოინს მოიპოვებს ამის შედეგად.


 

***

 

1 ივნისს „ბიტფური ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, კერძოდ გლდანში მიწის შესყიდვის შესახებ, სადაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრი უნდა აშენდეს. კომპანია აპირებს ამ ადგილზე შექმნას ისეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიურ კომპანიებს დააინტერესებს და მათ თბილისში მუშაობის სურვილს გაუჩენს.

 


„ბიტფურის“ წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავარი ხიბლი იაფი ელექტროენერგიაა. საქართველოს გარდა კომპანია ინფორმაციის გადამამუშავებელ ცენტრს ფლობს ისლანდიაში; ასეთივე ცენტრის გახსნა სცადეს ფინეთშიც, მაგრამ პროექტი სწრაფადვე გაუქმდა.


რატომ არის ელ.ენერგიის ფასი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს ცენტრები ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ კვტ.სთ-ს მოიხმარენ. სერვერები 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობენ და მათ გასაგრილებლად საჭიროა შენობაში  ტემპერატურა მუდმივად კონტროლდებოდეს.


 

ცენტრი, რომელიც გორში ელ.ენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია, თეთრი ფერის მოგრძო შენობაა, რომელშიც ათეულობით სერვერი ხმაურიანად მუშაობს. ცენტრში 40 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის წარმომადგენელი ასე ამბობს. „ბიტფურიმ“ იგი ერთ თვეში იმ ადგილზე ააშენა, სადაც საბჭოთა დროს ბამბის ქარხანა მუშაობდა.  მაგრამ რაც მთავარია, ცენტრი ელ.სადგურის გვერდით მდებარეობს. 7 569 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს „ჯორჯია სერვერს ინქორფორეითიდმა“ 3 წლის ვადით იქირავა, ყოველთვიურად კერძო მესაკუთრისთვის 3 000 ლარის გადახდის პირობით.


გორს ელ.ენერგიით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამარაგებს. კომპანიისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის ივნისში გორის საერთო მოხმარების მაჩვენებელი 9.9 მლნ კვტ.სთ იყო. იმავე წლის ივლისში ელ.ენერგიის მოხმარების დონემ 7.7 მლნ კვტ.სთ-თ მოიმატა. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის ივლისში ქალაქ გორში მხოლოდ 6 ისეთი აბონენტი დარეგისტრირდა, რომელთა ელ.ენერგიის საშუალო თვიური მოხმარება 1 000 კვტ.სთ-ზე მეტია.


 

რა თანხას იხდის ბიტფური გორში ელ.ენერგიის მოხმარების სანაცვლოდ?

 

 

გორში განთავსებული ცენტრის ოფიციალური მფლობელი შპს „ჯორჯია სერვერს ინქორფორეითიდია,“ რომლის 100%-ან წილს ვასილ ვერულაშვილი ფლობს. მან სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ცენტრთან დაკავშირებულ კითხვებზე დირექტორი, ირაკლი ანდღულაძე უფრო კომპეტენტურ პასუხებს გაგვცემდა. ირაკლი ანდღულაძემ გვიპასუხა, რომ მათ არ აქვთ ჟურნალისტებთან საუბრის გამოცდილება და ჩვენი კითხვებით ეფრემ ურუმაშვილთან გადაგვამისამართა. ურუმაშვილი იურიდიული კომპანიის „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ წარმომადგენელია. სწორედ ამ ფირმის მომსახურებით სარგებლობს „ბიტფური.“

 


„ჩვენ ვიხდით იმ ტარიფს, რაც განსაზღვრულია მარეგულირებელი კომისიის მიერ,“ ამბობს ურუმაშვილი. „და არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ. რომც იყოს შეღავათის მიღების შანსი, ჩვენ უარს ვიტყვით, რადგან ჩვენს კლიენტს სურს იმ პირობებში აწარმოოს ბიზნესი, რაც უკვე არსებობს საქართველოში.“

 


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვპასუხობს, რომ „ნებისმიერი კომერციული მომხმარებელი ელ.ენერგიის გადასახადს მიღებული ძაბვის მიხედვით იხდის და მსხვილ მომხმარებელს არანაირი შეღავათი არ ეძლევა.“

 


სემეკისგან მიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის, რომელთაც ელ.ენერგია 220-380 ვოლტი ძაბვით მიეწოდებათ ტარიფი 1 კვტ.სთ-სთვის 1 აგვისტომდე 13.5 თეთრი იყო. 23 ივლისს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლებისთვის ტარიფი 3.95 თეთრით გაიზარდა. სს „თელასის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე მარეგულირებელი კომისია უკვე მსჯელობს და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ. სწორედ „თელასის“ ქსელში ჩაერთვება ის ტექნოლოგიური პარკიც, რომელსაც „ბიტფური“ გლდანში ააშენებს.

 


თუ “ბიტფურისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ამჟამად კომპანიისთვის გორში ტარიფი 1 კვტ.სთ-სთვის 0.07971 ცენტი უნდა იყოს. ევროკავშირის მასშტაბით ელ.ენერგიის ტარიფი მძიმე მრეწველობის ტიპის საწარმოებისთვის 2014 წელს 0.0892 ცენტი იყო. ისლანდიაში, სადაც “ბიტფურის” ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრი აქვს ელ.ენერგიის ტარიფი 0.03171 ცენტია. ფინეთში კი, სადაც კომპანია ცენტრის გახსნას ცდილობდა და სწრაფადვე გააქუმეს პროექტი, ეს მაჩვენებელი 0.0652 ცენტი იყო.

 


“ბიტფურის” წარმომადგენლებისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, შეცვლის თუ არა ტარიფის გაზრდა კომპანიის ბიზნეს გეგმებს გორსა და თბილისში.


“ბიტფური” ამტკიცებს, რომ საქართველოში მათ ელ.ენერგიის ფასზე მოლაპარაკება არ ჰქონიათ, რაც ეწინააღმდეგება ისლანდიასა და ფინეთში მათი მუშაობის სტილს.


 

ვალერი ვავილოვმა, “ბიტფურის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ისლანდიაში ბიზნესი 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ვავილოვს ისლანდიაში სულ მცირე სამ ტექნოლოგიურ ცენტრთან ჰქონდა მოლაპარაკება. იგი ცდილობდა წარმოების დონე მაქსიმუმამდე გაეზარდა, თუმცა ელ.ენერგიის ხარჯი მინიმუმამდე შეემცირებინა, ამბობს წყარო, რომელიც ფლობს ვავილოვისა და ისლანდიაში მოქმედი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას.

 


როდესაც მან შეამჩნია, რომ სერვერების გაგრილების გეგმა შენელებულად მუშაობდა, სცადა ისლანდიაში 4.5 ტონა მოცულობის მაცივრის ჩატანა, თუმცა არ გამოუვიდა. ცენტრის ამუშავების შემდეგ ვავილოვმა სერვერების გასაგრილებლად ერთხელ შენობის პლასტმასის კედელი გახსნა, რათა ცივი ჰაერის ნაკადი შემოსულიყო. ამგვარად ცდილობდა ელ.ენერგიის დანახარჯის შემცირებას.

 


“ბიტფურის” საქმიანობა ფინეთში უფრო სწრაფი და ქაოსური იყო. კომპანიამ მოლაპარაკების გზით შეიძინა ძველი, მიტოვებული ქარხნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით კუნძულზე მდებარეობდა. ცენტრი საზოგადოებისთვის დახურული იყო და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა შესვლის უფლება. მაგრამ 2014 წლის ბოლოს, მშენებლობის შუა პერიოდში პროექტი ჩაიშალა. “ბიტფურის” პროექტის მენეჯერმა ფინეთი დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.


“ბიტფურის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ჟანნა სტეფანოვამ არ გვიპასუხა, თუ რა მოხდა ფინეთში და რატომ შეიცვალა კომპანიის გეგმები.

ბიტფურის ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრი გორში
ბიტფურის ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრი გორში

 

 

***

 

“ბიტფურიმ” გორში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 მლნ აშშ დოლარის დაფინანსება მოიპვა კერძო ინვესტორებისგან. მათ შორის იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. ივანიშვილის განცხადებით, ფონდი 6 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავდა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. ივანიშვილის წილი ფონდში 1 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა. ფონდმა გორის ცენტრში 10 მლნ აშშ დოლარი დააბანდა, დანარჩენი 10 მილიონი კი – ოთხმა უცხოურმა საინვესტიციო ფონდმა.  


ბიტკოინის ინდუსტრიის დღიური სტატისტიკის თანახმად, „ბიტფური“ ისლანდიასა და გორში განთავსებული ცენტრების მუშაობის გათვალისწინებით  მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელ ლიდერ კომპანიად მიიჩნევა. ტექნოლოგიური პარკი კი, რომლის აშენებასაც გლდანში აპირებენ 5-ჯერ მეტი სიმძლავრის იქნება ვიდრე გორში მოქმედი ცენტრია და 5-ჯერ მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს.


 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ გლდანში იმ მიწის ნაკვეთის მფლობელია, სადაც პარკი უნდა აშენდეს. რამდენიმე კითხვა გვქონდა კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ვლადიმერ შეყრილაძესთან, რომელმაც გვთხოვა, ინტერვიუს ჩასაწერად კვლავ ურუმაშვილისთვის მიგვემართა.

 


საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ქონების ერთ ლარად მიღების სანაცვლოდ კომპანიამ 8 თვის მანძილზე პროექტში უნდა  დააბანდოს სულ მცირე 11.1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; დაასრულოს მშენებლობა 2016 წლის 3 თებერვლამდე; მშენებლობის პროცესში დაასაქმოს სულ მცირე 10 ადამიანი და ცენტრის ამუშავების შემდეგ მინიმუმ ორი წლის მანძილზე – 20 ადამიანი.  ეს პირობები ზუსტად იგივე სახით ჩამოთვლილი იყო შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ისინი 185 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას 1 ლარად ითხოვდნენ.

 


ამ ქონების საბაზრო ღირებულება 1 850 000 ლარია, ვკითხულობთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის დეკემბერში დაწერილ დასკვნაში. ჩვენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასაც და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსაც ვკითხეთ, თუ რა მოგებას ელოდებიან პროექტიდან და რატომ გადასცეს მათ 18.5 ჰა მიწის ნაკვეთი 1 ლარად. ორივე სახელმწიფო უწყებამ გვიპასუხა, რომ იმაზე მეტს ვერაფერს გვეტყოდნენ, რაც მთავრობის განკარგულებასა და კომპანიასთან დადებულ კონტრაქტში წერია.

 


მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „ვინაიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობა.“


შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ კონტრაქტით მინიჭებული აქვს უფლება იპოთეკით დატვირთოს ან გაასხვისოს ქონება. გაყიდვის შემთხვევაში ახალმა მფლობელმა უნდა შეასრულოს ის პირობები, რაც სახელმწიფომ დაუწესა ტექნოლოგიური პარკის პროექტის ავტორებს. 18 ივნისს კომპანიამ 18.5 ჰა მიწის ნაკვეთი სამ: 14, 3 და 1.5 ჰა ფართობის მქონე ნაწილებად დაჰყო. ამჟამად ნაკვეთს მინიჭებული აქვს რეკრეაციული ზონა 3-ს სტატუსი, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სპორტული, სამკურნალო და გასართობი შენობა-ნაგებობის განთავსება. მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ ზონის სტატუსის შესაცვლელად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ ნაკვეთზე ცენტრის აშენებას. ქალაქის არქიტექტურის სამსახურისგან მიღებული წერილის თანახმად, შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკს” (რომლის 100%-ს “ბიტფური ჰოლდინგი” ფლობს) ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავთ.


 

რა მოგება ექნება სახელმწიფო ბიუჯეტს პროექტის განხორციელებით?

 


ეს კითხვა ჩვენ „ბიტფურის“ წარმომადგენელს, ეფრემ ურუმაშვილსაც დავუსვით. მას ვთხოვეთ კონკრეტული ციფრები დაესახელებინა, თუმცა მან გვიპასუხა, რომ კომპანია გადაიხდის ყველა იმ გადასახადს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ურუმაშვილის თქმით, ტექნოლოგიური პარკის პროექტი “ქვეყნის იმიჯისთვის დიდი ბონუსი იქნება.”

 


„თბილისში შეიქმნება სილიკონის ველის მსგავსი სივრცე, სადაც მოვიწვევთ მსოფლიოს მსხვილ ტექნოლოგიურ მოთამაშეებს,“ ამბობს ურუმაშვილი. „საქართველოს მთავრობას უკვე ვთხოვეთ იმ ტერიტორიას მიანიჭონ თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი. გვინდა, იმ კომპანიებს, რომლებიც აქ ბიზნესის კეთებას გადაწყვეტენ დაბალი გადასახადები და კომფორტული სამუშაო პირობები შევთავაზოთ. ბიტფური ჯგუფი იქნება „მასპინძელი“ და ქირის სახით, ალბათ, რაღაც შემოსავალსაც მიიღებს ამ ზონაში განთავსებული სხვა კომპანიებისგან.“

 


თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ მთავრობას ჯერ არაფერი განუცხადებია.  

 


17 ივნისს, ურუმაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური პარკის პროექტის დაფინანსებას არ აპირებდა. 9 ივლისს კი „ბიტფურმა“ გაავრცელა ინფორმაცია 20 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ. დამფინანსებლებს შორის არიან საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, აშშ-ში დაფუძნებული DRW Venture Capital და iTech Capital.

 


iTech Capital-ის თანამშრომლების ძირითად ნაწილს რუსეთში განათლებამიღებული ინვესტიციის მენეჯერები წარმოადგენენ. ფონდს ოფისები აქვს რიგაში, მოსკოვსა და კაიმანის კუნძულებზე. ვებ-გვერდ ქოინდესკთან ინტერვიუში, iTech Capital-ის დამფუძნებელმა გლებ დავიდიუკმა განაცხადა, რომ მათი ფონდი დაინტერესებულია სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიებით და მზად არიან, მომავალში ამ პროექტში კიდევ დააბანდონ ინვესტიცია.  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ელ.ფოსტის მეშვეობით გავუგზავნეთ კითხვები “ბიტფურთან” მათი ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.

 


ახლა, როცა გლდანში მიწის ამ ნაკვეთს უყურებ, რთულია ამ ადგილზე 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური პარკის წარმოდგენა. მაგრამ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას ხვდები, რომ პროექტს მთავრობის რეგულაციები არ შეაფერხებს.

 


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს არ აქვს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც „ბიტფური ჯგუფსა“ და მის მიერ შექმნილ შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ ეხება.

 


ამავე კომპანიების შესახებ დოკუმენტები არ აქვს არც ენერგეტიკის სამინისტროს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პარკი ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი იქნება.


მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტროს წერილი გავუგზავნეთ (რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას კრიპტოვალუტის მწარმოებელთათვის დაწესებული საგადასახადო რეგულაციების შესახებ), სამინისტროს თანამშრომელმა დაგვირეკა და გვკითხა რას ვგულისხმობდით კრიპტოვალუტაში. მოგვიანებით პასუხიც მივიღეთ, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა არანაირ ჩანაწერს არ შეიცავს იმ პირების შესახებ, რომლებიც  კრიპტოვალუტას მოიპოვებენ.

 


სტატიაზე მუშაობდნენ: სმარი მაკკარტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ჯონ ბიარკ მაგნუსონი (ისლანდია), მონიკა ფორსელ-ჰაუტამაკი (ფინეთი)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


სტატია მომზადებულია პროექტის "ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება" ფარგლებში, დევიდ ბლოსი ნინო ბაქრაძე