ახალი ამბები

ფეისბუკმა კრიტიკოსების დისკრედიტაციისთვის პიარ ფირმა დაიქირავა — NYT-ის გამოძიება

15 ნოემბერი, 2018 • 1477
ფეისბუკმა კრიტიკოსების დისკრედიტაციისთვის პიარ ფირმა დაიქირავა — NYT-ის გამოძიება

“ნიუ-იორკ ტაიმზის” (NYT) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფეისბუკმა, მას შემდეგ, რაც კრიზისის წინაშე დადგა, დაიქირავა პიარ ფირმა, რათა ფეისბუკის კრიტიკოსების დისკრედიტაცია მოეხდინა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფეისბუკის მიერ დაქირავებული ფირმა ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს კომპანიის კრიტიკოსები მილიარდერი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის აგენტები იყვნენ და სხვა ხერხებთან ერთად ასე ცდილობდა მათ დისკრედიტაციას.

სოროსი ცნობილი ფილანტროპია, რომელიც ხშირად ანტისემიტური შეთქმულების თეორიების სამიზნეა. ასეთი ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ფეისბუკი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა ანტისემიტური იყო.

აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხის გამოკვეთის შემდეგ, ფეისბუკს თავის მართლება მოუწია ამერიკელი სენატორების წინაშე.

“ტაიმზის” თანახმად, როდესაც კომპანიამ წნეხი იგრძნო, დახმარებისთვის მიმართა ვაშინგტონურ საკონსულტაციო ფირმას, სახელად Definers Public Affairs. ეს ფირმა “რესპუბლიკელების” მიერაა დაარსებული და მათი სპეციალიზაციაა ოპოზიციის კვლევა.

მათი ერთ-ერთი ტაქტიკა იყო, გაევრცელებინათ ათობით უარყოფითი შინაარსის სტატია სხვა კონკურენტი კომპანიების, გუგლის, ეფლის და სხვების წინააღმდეგ, რათა ფეისბუკიდან გადაეტანათ საზოგადოების ყურადღება.

ფირმა ამ კონტენტს აქვეყნებდა ვებსაიტზე NTKNetwork.com, რომელიც ახალი ამბების სააგენტოს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში პიარ ფირმის დაქვემდებარებაშია.

“ტაიმზის” ცნობით, ამ ვებგვერდს ხშირად ეყრდნობოდა სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ულტრამემარჯვენე, კონსპირაციული ვებსაიტი “ბრაიტბარტი” (Breitbart).

კიდევ ერთი ტაქტიკის მიხედვით, ფეისბუკის კრიტიკოსების მამოძრავებელ ძალად ჯორჯ სოროსის წარმოჩენა იყო. ფირმამ გაავრცელა კვლევითი დოკუმენტი, რომელიც სოროსს უკავშირებდა “ფეისბუკის საწინააღმდეგო ფართო მოძრაობას”.

“ტაიმზის” გამოძიება ეფუძნება გამოცემის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულ 50 ინტერვიუს ფეისბუკის მაღალი რანგის ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებთან, სენატორებთან, ოფიციალურ პირებთან, ლობისტებთან და კონგრესის წარმომადგენლებთან.

ფეისბუკს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია გამოძიების საპასუხო განცხადება ან კომენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი