ახალი ამბები

რას გვეუბნება ბოლო არჩევნები ოპოზიციასა და 2020-ზე

21 მაისი, 2019 • 5164
რას გვეუბნება ბოლო არჩევნები ოპოზიციასა და 2020-ზე

რას ნიშნავს 19 მაისის არჩევნების შედეგები მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში? რა პერსპექტივა რჩება ოპოზიციას, რომლის რიგებში ხელახალი დაპირისპირების კონტურები გამოიკვეთა? აძლევს თუ არა ეს შედეგები „ქართულ ოცნებას“ გარანტიას, რომ უმრავლესობას მოიპოვებს?

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ძალისხმევა გასწიეს რიგგარეშე საპარლამენტო და ზუგდიდისა და სხვა ქალაქების მერის არჩევნებისთვის — რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მიიჩნევდნენ პოლიტიკის კომენტატორები — გამარჯვება მაინც „ქართულ ოცნებას“ დარჩა. „ოცნებამ“, გარდა მთაწმინდის ოლქისა, ყველგან პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ზუგდიდშიც.

რამ განაპირობა ეს შედეგი?

კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელი, პოლიტიკის კომენტატორი კორნელი კაკაჩია ამ შედეგს „ასე თუ ისე მოსალოდნელად“ აფასებს და ამას სამი მიზეზით ხსნის:

1) ადმინისტრაციული რესურსები;

2) ოპოზიციის, საბოლოო ანგარიშში, ფრაგმენტულობა და ფინანსური უთანასწორობა;

3) ამომრჩევლის გაუნელებელი გულგრილობა.

„ოპოზიცია — იმის მიუხედავად, რომ საერთო ენის გამონახვას ცდილობენ და რამდენიმე ოლქში ითანამშრომლეს კიდეც — მაინც ფრაგმენტირებულია. მათი რესურსები ვერ შეედრება სახელისუფლებო რესურსებს“, — გვეუბნება იგი.

უთანასწორობა პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებშიც ჩანს: აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 19 მაისის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 2 609 600 ლარი შესწირეს, ენმ-ს- 80 129 ლარი, „ევროპული საქართველოს“ კი — 84 741 ლარი. სხვებს — გაცილებით ნაკლები.

კვლავ დაბალი აქტივობა და აპათია

ამასთან, კაკაჩიას დაკვირვებით, იმის მიუხედავად, რომ ბევრი მას 2020 წლისთვის მოსამზადებელ პერიოდად სახავდა, ახლანდელი არჩევნები საზოგადოებამ ასე არ აღიქვა. არჩევნებზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა — მთაწმინდაზე 34.27%, ზუგდიდში 46.88%.

„ეს მიუთითებს, რომ ხალხის ნაწილმა მაინც იფიქრა, რომ ეს არჩევნები არაფერს არ წყვეტდა, მერის თუ ერთი პარლამენტარის არჩევა მთლიანობაში ვერ შეცვლიდა სურათს. აქედან გამომდინარე, მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ არც არის საჭირო არჩევნებზე მისვლა“, — ამბობს იგი.

ალტერნატივის მარცხი?

„ბევრს ლაპარაკობდნენ მესამე ძალაზეც. ახლა კი, ამ შედეგის შემდეგ, შემხვდა მოსაზრებები, რა მესამე ძალაზეა საუბარი, ხალხს არაფერი აინტერესებს და მაინც არ მოვიდაო. სინამდვილეში, ამან უკეთ გამოაჩინა ის, რასაც აქამდე ვეჭვობდით — ხალხი გულაცრუებულია ზოგადად პოლიტიკურ ელიტებზე. ეს ძლიერი აპათია შენარჩუნდა და შუალედურ არჩევნებზე განსაკუთრებით გამოჩნდა: თუ ეს არჩენვები არაფერს არ წყვეტს, მაშინ, ბუნებრივია, ამომრჩევლის ინტერესი დაბალი იყო“, — ამბობს კორნელი კაკაჩია.

თუმცა მთაწმინდაზე იყვნენ ისეთი მეტ-ნაკლებად ცნობილი კანდიდატები, რომლებიც პოლიტიკური ისტებლიშმენტისაგან დამოუკიდებლად პოზიციონირებენ: ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის „სახალხო მოძრაობიდან“, ჰერმან საბო „გირჩიდან“, დამოუკიდებელი მემარცხენე კანდიდატი გრიგოლ გეგელია. მათ კახაძე-შავგულიძის შემდეგ [41% და 36.84%]  III, IV და V ადგილები გადაინაწილეს 6.55, 4.76 და 3.14 პროცენტით.

კახაძე-შავგულიძის შემდეგ, მთაწმინდაზე ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა

ხომ ვერ ვიტყვით, რომ ამომრჩეველს „ოცნების“, ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ ალტერნატივა არ ჰქონდა? კაკაჩია ამაზე გვპასუხობს:

„რეალურად, მათ უკან არ იდგა არანაირი რესურსი, მყარი პარტიული სტრუქტურა. ზოგიერთ მათგანს იმის რესურსიც კი არ ჰქონდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მით უმეტეს, ასეთი „მონსტრების“ წინააღმდეგ, რომელთაც ასეთი გამოცდილება აქვთ — ხელისუფლებაში იყვნენ და თავიანთი დამკვირვებლები და კოორდინატორები ჰყავთ. ასე ვთქვათ, ეს ამბავი ასე სწრაფად ვერ გამოვიდოდა. მით უმეტეს, ვიცით, რომ ჩვენი ამომრჩეველი კანდიდატს იდეოლოგიებისა და პროგრამების მიხედვით კი არ აძლევს ხმას, არამედ სხვა კრიტერიუმებით“.

„მოუმზადებელი ოპოზიცია“

პოლიტოლოგი გია ნოდიაც იმ აზრზეა, რომ „ქართული ოცნების“ პრობლემების მიუხედავად, 19 მაისის არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ოპოზიცია მის დასამარცხებლად მზად არ არის.

“ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ ოპოზიციას საკმარისი ძალა არ აქვს, რომ დაამარცხოს ხელისუფლება – ეს არის მთავარი“, ამბობს იგი და ოპოზიციის შიგნით ხელახალ დაპირისპირებაზე მიუთითებს.

ენმ-ის შიგნით არსებული უთანხმოება კენჭისყრის დღის ბოლოსვე გამოჩნდა: პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „წინდაუხედავი განცხადებების გამო“ გააკრიტიკა.

მელიამ თქვა, არ შეიძლება „წინდაუხედავი განცხადებები“ გავაკეთოთ, „რევოლუციას“ დავპირდეთ ამომრჩეველს და საბოლოოდ სასოწარკვეთაში ჩავაგდოთო. მისი განცხადება რულოვსის ინიციატივას მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღის აგორებაზე, რასაც რულოვსის ქმარმა, მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა მხარი.

პარტიაში სწორედ სააკაშვილის როლი იყო ის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რის გამოც 2017 წლის იანვარში ენმ-ს „ევროპული საქართველო“ გამოეყო. იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში მყოფ სააკაშვილს პარტიაში არ ეკავა რაიმე პოზიცია და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციაც ვაკანტური იყო, სწორედ ის ითვლებოდა ლიდერად. დღევანდელი ევროპული საქართველოს წევრების მაშინ პარტიის თავმჯდომარის არჩევას ითხოვდნენ.

“პოლიტიკური საფრთხობელა“

ზოგიერთი დამკვირვებელი არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების გასაღებს სწორედ მიხეილ სააკაშვილში — ენმ-ის დამფუძნებელში — ხედავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ გამარჯვება-დამარცხების გასაღები სააკაშვილს უჭირავს ხელში:

„თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევა, „ოცნების“ პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია… ის სულ ასე იქნება — წაგებისთვის განწირული „მეორე“, რაც ბიძინას [ივანიშვილს] თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად. მიშა [სააკაშვილი] მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში“, — დაწერა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთმა მას ჰკითხა, სააკაშვილის პოლიტიკისგან ჩამოშორება გულისხმობს თუ არა „ოცნების“ ავტომატურ მარცხს, რაზეც მან გვიპასუხა:

„არსებობს პირობების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს კონკრეტულ ჯამს… იმ პირობების ერთობლიობას, რომლის ჯამიც არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებაა, აუცილებელ კომპონენტად სჭირდება სააკაშვილის გვერდზე გაწევა“.

ხიდაშელი სააკაშვილს „პოლიტიკური საფრთხობელას“ უწოდებს და განმარტავს, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ იმის შიშით აძლევს ხმას, რომ ეს „საფრთხობელა“ არ დაბრუნდეს.

და რა მოხდება მას შემდეგ, თუკი სააკაშვილი გვერდზე გადგება? ხიდაშელის თანახმად, როგორც კი სააკაშვილი „ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი [შალვა შავგულიძე, რომელიც ენმ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შემდეგ] დადგა წინა პლანზე“ — მთაწმინდაზე მეორე ტურის საჭიროება დადგა.

რა ვიცით, რომ ეს შედეგი კახაძის მიმართ ანტიპათიის გამო არ დადგა, ან იმის გამო, რომ „ქართულ ოცნების“ ყურადღება ზუგდიდზე უფრო იყო მიმართული, ან იმის გამო, რომ ენმ-ს მთაწმინდაზე კანდიდატი არ დაუყენებია? ასევე, რა ვიცით, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემთხვევაში, მისი პერსონალური ამომრჩეველი პოლიტიკურ პროცესში დარჩება და არ შეუერთდება ან არ შექმნის  გადაუწყვეტელთა ახალ სეგმენტს?

ამ კითხვების ნაწილი თინა ხიდაშელსაც დავუსვით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხს მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის შედეგები გაგვცემს; „ამით გავიგებთ, რამდენად ოპტიმისტურად შეიძლება ვიყოთ განწყობილები“, — ამბობს ის.

„პარტიის გადასაწყვეტია“

სააკაშვილის ფაქტორს ენმ-სთვის სერიოზული ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავს კორნელი კაკაჩიაც. „იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არის, მას არ ესმის აქაური დინამიკა და უბრალოდ ცდილობს, რევოლუციურ მოწოდებებზე მოახდინოს კაპიტალიზაცია, რაც კონტრპროდუქტიულია“, — ამბობს იგი.

თუმცა კაკაჩია ამბობს, რომ სააკაშვილის პარტიისგან გამიჯვნა რთული იქნება: „რადგან პარტიაში სააკაშვილის მომხრეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავთ. ამასთან, სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მხოლოდ ამ პარტიამ სააკაშვილის გარეშე შესაძლოა ამდენი პროცენტი ვერ მოაგროვოს“, — ამბობს იგი. მაგრამ, მისივე თქმით, არსებობს ასეთი ფაქტორიც:

„გადამწყვეტ მომენტში, როგორც კი სააკაშვილი გამოჩნდება თავისი რევოლუციური და რადიკალური იდეებით რუსთავი2-ზე დღეში სამჯერ, იმ ხალხსაც კი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ენმ-სთვის მიეცა ხმა, აზრს უცვლის და ისინი უკვე სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ“.

გია ნოდია; ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

სააკაშვილის “აცდენა ადგილობრივ რეალობასთან” გია ნოდიასთვისაც შესამჩნევია: „სააკაშვილს, როგორც ჩანს, დაკარგული აქვს კონტაქტი საქართველოსთან, ვერ გრძნობს ვითარებას და მისი რიტორიკა მუდმივად უბრუნდება „რევოლუციურ სცენარზე“ საუბარს. როგორც ჩანს, ეს წინააღმდეგობა, ეს პრობლემა, რომელიც ადრე იყო ამ პარტიაში, ახლა უკვე გაერთიანებულ ოპოზიციაშია“, — ამბობს იგი. მისივე თქმით, ეს არის „პრაქტიკულად იგივე დაპირისპირება, რაც 2016 წელს იყო და რამაც მოიტანა პრაქტიკულად პარტიის გახლეჩა“.

კაკაჩიას თანახმად, ეს საკითხი თავად პარტიის გადასაწყვეტია, თანაც სწრაფად: „2020 წლამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი და პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა უშველონ ამ პრობლემას“.

„რეპეტიცია 2020 წლისთვის“

როგორც გია ნოდიაც გვეუბნება, 19 მაისის არჩევნებს ოპოზციური პარტიები განიხილავდნენ როგორც ძალების მოსინჯვას, ერთგვარ რეპეტიციას 2020 წლის არჩევნებისთვის. „რეპეტიციამ გვაჩვენა, რომ მაინცდამაინც კარგ ფორმაში არაა ოპოზიცია და სჭირდება მეტი მუშაობა, კოორდინაცია. მაგრამ რაღაცნაირად ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ ან კოალიციები შეიქმნას“, — ამბობს ნოდია ნეტგაზეთთან საუბარში.

კორნელი კაკაჩიას თანახმად კი, 19 მაისის არჩევნებში გამოჩნდა, რომ ოპოზიციას, თუკი გაერთიანდებიან, გააჩნია „საკმაოდ მნიშვნელოვანი შანსები“, თუმცა ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება შემდეგი პრობლემა: „ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯერა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მონაწილეობენ ამ არჩევნებში“.

„ფაქტია, რომ ამომრჩეველს სჭირდება ახალი — და ეს არ ნიშნავს ახალგაზრდას — პოლიტიკოსები. ახალ იდეებსა და ხედვებზეა მოთხოვნა, რასაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ სთავაზობენ ამომრჩეველს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლისთვის“, — გვეუბნება ის.

„სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება 2020 წელს, როდესაც გვეცოდინება, რომ ეს ის არჩევნებია, რომელსაც შეიძლება სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს ქვეყანაში, მათ შორის რეჟიმის ცვლილებაც კი. ალბათ, ამომრჩეველი 2020 წლისთვის ალბათ უფრო მეტად იაქტიურებს“, – ამბობს კაკაჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი