ახალი ამბებისაზოგადოება

არც ზურაბიშვილი, არც ვაშაძე – არსებობს თუ არა ალტერნატივა

5 ნოემბერი, 2018 • 6783
არც ზურაბიშვილი, არც ვაშაძე – არსებობს თუ არა ალტერნატივა

რაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არჩევნეზე არ წავიდა? რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს, რომელიც არც ზურაბიშვილი-“ოცნების” ამომრჩეველია და არც ენმ-ვაშაძის? დატოვებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სივრცეს “მესამე ძალისათვის”? რამდენად არის ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მოლოდინი რეალური? შეიძლება თუ არა, რომ ახალი “მესამე ძალის” გამოჩენის ნაცვლად ძალთა ბალანსის მისაღწევად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების იმედი ვიქონიოთ?

“ხალხის ინტერესებს მოწყვეტილი პარტიები”

წლევანდელი არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ მივიდა — მხოლოდ 46.74%-მა მისცა ხმა. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის: ხალხმა იცის, რომ პრეზიდენტი “ბუტაფორიული ფიგურაა” და ამ არჩევნებს დიდ მნიშნველობას არ ანიჭებს; ნიჰილისტურადაა განწყობილი და ხვდება, რომ ეს “არჩევნებიც ენმ-ისა და ოცნების დაპირისპირების რეჟიმში მიმდინარეობს, რაც აღიზიანებს და უნდა, ამ დუალიზმს თავი აარიდოს”.

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეთა დაბალი რიცხვი ქართულ საზოგადოებაში გამეფებულ აპათიასა და ნიჰილიზმზე მეტყველებს. მისივე მოსაზრებით, ამ ნიჰილიზმსაც თავისი მიზეზები აქვს.

“პოლიტიკურ აპათიას” უწოდებს ამ მდგომარეობას ელენე მელიქიშვილი, მეცნიერებათა დოქტორი ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტიდან. მისი დაკვირვებით, “ორმა პოლიტიკურმა ძალამ ისე მოახერხა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, რომ ამომრჩეველი და მათი აზრი საერთოდ დაავიწყდათ”. მან ჩამოთვალა გამოწვევები, რაც ამჟამად საქართვლოს წინაშე დგას:

“კანონის უზენაესობის სისუსტე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების აუცილებლობა, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარება და ეკონომიკური თანასწორობა. არცერთ ამ პრობლემაზე დისკუსია არ ყოფილა. სამაგიეროდ იყო ფარული ჩანაწერები, კომპრომატები და ლანძღვა. საზოგადოებას ეს აღარ აინტერესებს, პოლიტიკოსებმა კი მართვის სხვა მეთოდები არ იციან”. დაახლოებით ამასვე გვეუბნება გრიგოლ გეგელიაც:

“ქართული პოლიტიკური კლასი დღეს არის სრული გადაგვარების მდგომარეობაში, სადაც ორი მთავარი პარტია ხალხის ინტერესებს აბსოლუტურად მოწყვეტილია. ხალხი ვერ ხედავს განსხვავებას ამ პარტიებს შორის, — მართლაც, მათ შორის ვერ იპოვი ბევრ განსხვავებას იდეურ, ეკონომიკურ და კულტურულ აზროვნებაში”.

“გამაერთიანებელი” და არა “გამყოფი”

გეგელია შეგუებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა წელს “ცუდ პრეზიდენტს” აირჩევს და თვითონაც დგას იმავე დილემის წინაშე, თუ ვის მისცეს ხმა. არჩევანი ასე ესახება: ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, ისტორიკოსის შეფასებით, ბოლო წლებში “ორბანიზაციის” [უნგრეთის პრემიერ ვიკტორ ორბანის არადემოკრატიული] გზა აირჩია, მეორე მხარეს კი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, მისივე შეფასებთ, იყო “ოცნების” “უკიდეგანოდ არასწორი არჩევანი”. ის ამბობს, რომ ორივე მათგანი გამყოფი ფიგურა იქნება.

არადა, როგორც ელენე მელიქიშვილი გვიხსნის, ლიდერი გამაერთიანებელი ფიგურა უნდა იყოს: “ადამიანს, ვინც თვლის, რომ ლიდერია, უნდა შეეძლოს აქცენტების დადებით მხარეებზე გადატანა და უთანხმოებების გარშემო კონსენსუსის მიღწევა”.

ვერც საქართველოში და ვერც, მაგალითად, აშშ-ევროპაში ახერხებენ ლიდერები ხალხის გაერთიანებას, პირიქით — ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას და შიშის, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტზე, აპელირებასო, ამბობს იგი. მელიქიშვილის თქმით, 47%-იანი აქტივობითაც გამოჩნდა, რომ “არჩევნები ცვლის გარემოს და ამომრჩეველს აქვს უფრო მეტი ძალა, ვიდრე ეგონა. შესაბამისად, არჩევნებზე მისვლა აძლიერებს ამომრჩეველს და ასუსტებს ხელისუფლებას. ახლა ისეთი გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომელიც აქამდე არსებულ მონაპოვარს განამტკიცებს და პოლიტიკურ ელიტას აიძულებს, უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მოუსმინოს საზოგადოებას”.

რა ალტერნატივა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს, რომ არჩევნებზე წასვლით დაინტერესდეს? გეგელია გვეუბნება: “დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი განსხვავებული პოლიტიკური პარტია და დღის წესრიგი გამოჩნდება, ბევრი ადამიანი, ვინც დღეს არ მიდის, ხვალ წავა არჩევნებზე”.

“მესამე ძალა” — ახალი პარტია?

ერთ-ერთი გამოსავალი, რაც პოლიტიკაზე დამკვირვებელთა ნაწილს ძალთა დასაბალანსებლად ან ორპოლუსიანი სისტემიდან თავის დაღწევის გზად ესახება, “მესამე ძალის” გამოჩენაა. როგორც სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გვიხსნის, “მესამე ძალა” სხვადასხვანაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სრულიად ახალი პარტიის გაჩენა. ეს, კაჭკაჭიშვილის აზრით, ძალიან რთული იქნება, რადგან “ბევრი ფაქტორის თანხვედრა” სჭირდება — სულ ცოტა, პოლიტიკური გამოცდილება და სოციალური და ფინანსური კაპიტალი.

ელენე მელიქიშვილი ამბობს, რომ ახალი პარტია კი შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა, ალბათ, მათაც დღევანდელი სისტემის ნაწილები შექმნიან და იგივე პრობლემები ექნებათ:

“მესამე ძალა ისევ პოპულისტურ დისკურსს აირჩევს, იტყვის, რომ გაზრდის პენსიას და ხელფასს, მაგრამ ვერ იტყვის, საიდან და როგორ გააკეთებს ამას. აქ პრობლემა არის პოლიტიკური მოკლევადიანობა, — როდესაც ყველა ცდილობს, მოიპოვოს ხმა და იყოს პოპულარული, მაგრამ ავიწყდება, რომ ბევრი მტკივნეული რეფორმაა საჭირო იმისთვის, რომ ქმედითი ინსტიტუტები შექმნან”.

ახალი, სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის გაჩენის იმედი აქვს გრიგოლ გეგელიას, რომელსაც ეს ჰიპოთეტური პარტია მემარცხენე იდეების ერთგულად წარმოუდგენია. მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის შექმნის იდეა დიდი ხანია, არსებობს, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი ჯგუფი პოლიტიკურ ველში არ ჩანს. ჩვენ გეგელიას ვკითხეთ, რა უშლის პარტიის შექმნას ხელს, რაზეც მან სამი ძირითადი მიზეზი დაგვისახელა:

  1. თაობის გამოუცდელობა — “მკაფიოდ მემარცხენე, წამყვანი ბირთვი, 100-200 ადამიანი, რომელიც შექმნიდა მოძრაობას, შედარებით დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება და არ მოუცლიათ იმისათვის, რომ იდეები მკაფიოდ გაპოლიტიკურებულიყო”
  2. “მემარცხენეობა შემოიფარგლება საჯარო კომენტარებითა და აკადემიაში მოღვაწეობით და მისი ადგილი ვერ გამოინახა დღევანდელ დღის წესრიგში”;
  3. მატერიალური რესურსის სიმწირე;

ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ოღონდ უფრო შორეულ პერსპექტივაში: “არ გამოვრიცხავ, რომ გაჩნდეს ასეთი ძალები, ძალა მოიკრებონ მართლაც ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა ან პარტიებმა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე [2020 წლამდე] ასეთი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენა ნაკლებად მოსალოდნელია”, — ამბობს იგი და დასძენს, ასეთი მოძრაობა უფრო მომავლის პერსპექტივით შეიძლება გაჩნდეს, ვიდრე დღეს, ძალთა არსებული ბალანსის შეცვლის პრეტენზიით.

რამდენად არის პარტიის შექმნა ოპტიმალური გამოსავალი? როგორც ელენე მელიქიშვილი გვიხსნის, უფრო ფარტო კონტექსტში:

“პარტიები იერარქიული სისტემებია, რომლებიც პატარა გამოწვევებსაც ვეღარ ერევიან. სოციალური ქსელების ეპოქაში, სადაც ყევლაფერი ელვის სისწრაფით ხდება, პარტიები და იდეოლოგიები ვერ ეწერებიან. ეს პროცესი აღინიშნება ბრიტანეთშიც და აშშ-იც, სადაც პარტიები გახდნენ ჩაკეტილი ორგანიზაციები, რომლებიც ვერ ახდენენ მოვლენებზე ადეკვატურ რეაგირებას. პარტია ერთგვარი გამოგონილი სივრცეა, სადაც ყველა ყველაფერს ეთანხმება და გარემოსგან მოწყვეტილ გადაწყვეტილებებს იღებენ. მათი პოლიტიკური კუთვნილება კი ლეგიტიმაციას უკეთებს ხშირად სრულიად არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებს. ისინი “პოლიტიკურის” მონოპოლიას ახდენენ და ამ კონცეფციას ამოფარებული იმ ინსტიტუტებს ანგრევენ, რომელთაც უნდა გაუხსნან გზა ახალ იდეებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. ამიტომ ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მომავალი სწორედ ქსელების/ჯგუფების არის და ადამიანთა ჯგუფები კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად გაერთიანდებიან და ასეთი მმრათველობა იქნება უფრო ეფექტური”, — ამბობს მელიქიშვილი.

კოალიციური პოლიტიკური ერთობა

კაჭკაჭიშვილის აზრით, ახლო მომავალში უფრო რეალური იქნება, გვქონდეს მოლოდინი, რომ თუკი “მესამე ძალა” გამოჩნდა, ეს კოალიციური ერთობა იქნება. “მესამე ძალა შეიძლება დავარქვათ ძალას, რომელიც შესაძლოა მოვიდეს ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის დიზაინით”, — ამბობს კაჭკაჭიშვილი და გვიხსნის, რას გულისხმობს კოალიციურ მთავრობაში:

“ეს ნიშნავს, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს საკმარისი რესურსი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისათვის. ეს გულისხმობს ძალთა დაბალანსებას. თუ ასე მოხდა, 2020 წლისთვის შეიძლება ვერც ერთმა ძალამ ვეღარ აიღოს არა კონსტიტუციური, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი პარლამენტში”.

სოციოლოგის შეფასებით, ასეთი მომავლის დადგომის შესახებ, ფაქტობრივად, განაცხადი გააკეთა რესპუბლიკურმა პარტიამ, როდესაც ვაშაძეს დაუჭირა მეორე ტურში მხარი.

“რესპუბლიკელებმა”, მართალია, რამდენიმე დღის წინ გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციასთან კავშირზე” არ უსაუბრიათ. ამის მიუხედავად, კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ენმ ვერც ერთ შემთხვევაში “ისეთი მონოლითური ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო და შესაძლოა ახლაც სურს, რომ იყოს”.

კოალიციური საკითხის შესაძლებლობა გრიგოლ გეგელიას დაკვირვებითაც იკვეთება: ”მთელი რიგი პარტიები, მათ შორის “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკელები”, ე.წ “გაერთიანებული ოპოზიცია” … არის ენმ-ის გარშემო და შესაძლოა მართლაც შეიკრიბონ კოალიციური ძალები”.

განსხვავებულ შეხედულებას გვთავაზობს ელენე მელიქიშვილი. ერთპარტიულ მმართველობას უდავოდ სჯობს კოალიცია, თუმცა ამ კოალიციაში ხშირად ერთ ძალას არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვს, რაც პატარა მონაწილეებს არ აძლევს ბევრის წარმოჩენის საშუალებასო, გვეუბნება იგი.

“ამიტომ, კოალიციის შიგნით რა მოხდება, ისევ დაფარული იქნება და ისევ გარკვეული ინტრიგების საფუძველს შექმნის. იქნება გარიგებები და ისევ დაშინება. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი არის ბალანსი პოლიტიკურ ძალებს შორის, სადაც გადამწყვეტი სიტყვა საზოგადოებას ექნება”, — ფიქრობს მელიქიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი კი მიიჩნევს, რომ ალიანსი თუ შედგა, ნიშნავს, რომ “არსებული დუალიზმი ცოტათი რბილდება”. მისი თქმით, ამ კოალიციაში გამწევი ძალა, სავარაუდოდ, ენმ კი იქნება, მაგრამ შეიძლება ამ გამწევმა ძალამ მოახვედროს სხვა პარტიები პარლამენტში და ეს ხელისუფლება ასე დაბალანსდეს.

საარჩევნო სისტემის ცვლილება

კაჭკაჭიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ამჟამად “ებღაუჭება ერთპარტიულობას და მთავარი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრად ყოფნას”:

“თითქოს იყო მცდელობა, რომ ოპოზიციისთვის დაეთმო პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ ეგ ამბავიც ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერია, გარდა დამოუკიდებელი და, მით უფრო, ოპოზიციური კანდიდატისა… მეორე ტურშიც ყველა შესაძლო გზას იყენებენ, რომ შეინარჩუნონ ეს აბსოლუტური ძალაუფლება”.

ამიტომ, კაჭკაჭიშვილს მიაჩნია, რომ “ოცნების” მზარდი ძალაუფლების დასაბალანსებლად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა აუცილებელი.

ამჟამად პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისგან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ, ეს პოლიტიკურ ძალთა დაბალანსებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. ეს ჩვენს ვითარებაში მახინჯი სისტემაა, თავისთავად არა, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენს ვითარებაში ეს მახინჯი მოდელია — ხმების მექანიკური გამრავლება”, — ამბობს კაჭკაჭიშვილი.

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024-ის ნაცვლად 2020 წლისათვის — მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის — სხვა სიკეთეებთან ერთად, “ხელს შეუწყობს მომცრო პარტიების რეპრეზენტაციას და არარსებულის, მათ შორის, მემარცხენე პარტიის, შექმნას”.

საზოგადოებრივი ზეწოლა

თავისი წინააღმდეგობები პროპორციულ სისტემასა და მრავალპარტიულობასაც აქვს. მაგალითად, ჩნდება კითხვა, რამდენად მყარი იქნება მრავალპარტიული პარტლამენტი და ხომ არ გამოიწვევს ასეთი გარემო დესტაბილიზაციას. თუმცა, როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, მართალია, არ ვიცით, რამდენად სტაბილური იქნება ასეთი გაერთიანება, თუმცა მთავარია, რომ დაბალანსების პოლიტიკას ეყრება საფუძველი.

შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ, როგორც მელიქიშვილი ამბობს, “საქართველოს შემთხვევაში პარტიების იდეოლოგია და პოლიტიკური შეხედულებები არ ხდება საყოველთაო განსჯის თემა — ხშირად პიროვნული სიმპათიების გამო სრულიად მიუღებელი ადამიანები ხვდებიან პარლამენტში”.

ამიტომაც, მისი შეხედულებით, “უნდა გაძლიერდნენ საზოგადოებრივი ქსელები და ჯგუფები, რომლებიც ერთ ან რამდენიმე თემას წამოწევენ და საზოგადოებრივი ზეწოლის ორგანიზებას” მოახერხებენ.

როგორც ელენე მელიქიშვილი ამბობს: “საზოგადოებამ უნდა ისწავლოს საკუთარი გავლენის კომუნიკაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. ეს არის გზა პლურალიზმისკენ, სადაც მეტ-ნაკლბად ყველა ჯგუფს ექნება საკუთარი წარმომადგენლობა და საზოგადოება ინკლუზიური იქნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი