ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ენმ-ის აქცია გაიმართა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა გუშინ დადიანების სასახლის პარკში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს, როდესაც, მათი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ.

“გეგა შეგელიას [“ქართლი ოცნების” კანდიდატი”] აქვს შანსი, ან დარჩეს ზუგდიდელი, ან სამარადჟამოდ აირტყას მოძალადის იარლიყი. არ აქვს მნიშვნელობა, პირადად ძალადობს, თუ მის გვერდით მდგომი მეგობრები ძალადობენ. ჩვენ არ დავზოგადავთ არათუ ჩვენს ენერგიას და დროს, მე პირადად ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ იმიტომ, რომ თუ ხარ ოპოზციაში, უნდა იყო რეალურ ოპოზიციაში”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის, კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების ვადამდე გადაცემა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომა მოითხოვეს.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ დაძაბულობა მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

ცესკო-მ განაცხადა, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან – საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ. დამატებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.