ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში  გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ,  სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.

გავრცელებულ კადრებში, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ჩანს მმართველი პარტიიდან, ისმის, რომ “ყველაფერზე თანხმობაა მიღებული“ მოსყიდვასა და დაშინებაზე. პირი, რომელიც შესაძლოა, ჩანაწერში ფიგურირებდეს, ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია.

ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. დაუზუსტებელია, არის თუ არა ვიდეო ავთენტური, თუ ასეა, ვინ, როდის და რა მიზნით ჩაიწერა.

არხის ცნობით, ვიდეოში ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, გია დანელია, ამბობს, რომ მიღებული აქვთ დავალება, არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმის მისაღებად „ნებისმიერი მეთოდით მოისყიდონ ამომრჩეველი, ან დააშინონ და, თუ საჭირო იქნება, გაიტაცონ კიდეც“. ამასთან, იგივე ხმა ამბობს, რომ გალელ „მაყურებელს“, კრიმინალურ ავტორიტეტს“ ხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

გია დანელია აცხადებს, რომ კადრებში მისი ხმა არ ისმის და „ფალსიფიცირებულია“. „რას ბრძანებთ, არა, არა, გამორიცხულია. არა, მე არა ვარ. ნამდვილად არა“, — ამბობს ის.

რ2: “ოცნების” წევრი ზუგდიდში მოსყიდვა-გატაცებაზე საუბრობს [ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.