ახალი ამბები

შვედეთში ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების საქმეზე განახლდა

13 მაისი, 2019 • 862
შვედეთში ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების საქმეზე განახლდა

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. წლების წინ ასანჟს ორი ქალი  სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯულიან ასანჟი ბრალდებებს უარყოფდა.

როგორც “გარდიანი” წერს, ერთ-ერთი საქმის გამოძიება 2017 წელს შეწყდა. როგორც შვედეთის პროკურატურა მაშინ აცხადებდა, საქმის წარმოება შეუძლებელი იყო, რადგან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს. თუმცა ამბობდნენ, რომ საქმის განახლებას არ გამორიცხავდნენ.

რაც შეეხება მეორე საქმეს, რომელიც ასანჟის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, 2015 წელს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა.

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოდან გასულ თვეს გამოასახლეს, ის საელჩოში 7 წელი ცხოვრობდა.

ასანჟი საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობდა. ის შიშობდა, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცავები დააკავებდნენ და აშშ-ს გადასცემდნენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკვადორის ხელისუფლება შეიცვალა, ჯულიან ასანჟს თავშესაფარზე უარი უთხრეს და ბრიტანელ სამართალდამცავებს რამდენიმე კვირის წინ, 2019 წლის აპრილში გადასცეს.

ამჟამად ასანჟი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება, სადაც 50-კვირიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი