ახალი ამბები

ტრამპი ასანჟს შეწყალებას სთავაზობდა რუსეთთან კავშირის უარყოფის სანაცვლოდ – ადვოკატი

19 თებერვალი, 2020 • 1183
ტრამპი ასანჟს შეწყალებას სთავაზობდა რუსეთთან კავშირის უარყოფის სანაცვლოდ – ადვოკატი

ჯულიან ასანჟის ადვოკატმა ედვარდ ფიტცჯერალდმა ბრიტანეთში ვესტმინსტერის მაგისტრანტ სასამართლოს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუკი ის უარყოფდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დემოკრატიული პარტიის იმეილების გატეხვაში რუსეთის ხელისუფლება იყო გარეული.

ჯულიან ასანჟი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელია. „ვიკილიქსი“ არის ვებგვერდი, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ დოკუმენტებს აქვეყნებს, რაც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი არ არის ხოლმე.

ასანჟი და „ვიკილიქსი“ წლების განმავლობაში ასაჯაროებდნენ ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მიმოწერებს და მონაცემებს. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულის გამო ამერიკის დაზვერვას უდიდესი ზიანი მიადგა.

ასანჟი, რომელიც თითქმის 7 წლის განმავლობაში ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა, 2019 წლის აპრილში დააკავეს. მის საქმეს ვესტმინსტერის მაგისტრანტი სასამართლო განიხილავს.

ასანჟის ადვოკატმა, ედვარდ ფიტცჯერალდმა 19 თებერვალს სასამართლოს მიუთითა მტკიცებულებაზე — ასანჟის ადვოკატის, ჯენიფერ რობინსონის განცხადებაზე. ამ განცხადებაში ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, დანა რორბახერი 2017 წლის აგვისტოში ეკვადორის საელჩოში მყოფ ჯულიან ასანჟს ეწვია და უთხრა, რომ:

„პრეზიდენტის ინსტრუქციით, მას შეწყალებას ან თავისუფლების რაიმე სხვა გზას სთავაზობდა, თუკი ბატონი ასანჟი იტყოდა, რომ რუსეთს არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ კომიტეტზე (DNC-ზე) ჰაკერულ შეტევასთან“.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას გატეხეს DNC-ის იმეილები, მათ შორის ჰილარი კლინტონის წერილები, რომლებიც შემდეგ „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა. იმეილების გამოქვეყნება დამაზიანებელი იყო პარტიისთვის და კანდიდატისთვის. საბოლოოდ, არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ტრამპი უარყოფს რუსეთთან რაიმე სახის შეთქმულებაში მონაწილეობას.

მოსამართლე ვანესა ბარაიტსერმა აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ასანჟზე ამერიკას 18 სხვადასხვა ბრალდებით აქვს ძებნა გამოცხადებული. მისი სასჯელი შესაძლოა 175-წლიანი პატიმრობითაც კი განისაზღვროს.

ორშაბათს დაიწყება ბრიტანეთიდან მისი აშშ-ში ექსტრააციის საქმის განხილვები, რომელსაც ვულვიჩის სასამართლო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი