ახალი ამბები

ჯულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

19 ნოემბერი, 2019 • 758
ჯულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება აღარ მიმდინარეობს. ამის შესახებ The Guardian შვედეთის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს. 

ასანჟს წლების წინ ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთ საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გამოძიება 2015 წელს შეწყდა, მეორეზე კი- 2017 წელს. თუმცა ამ ბრალდებით გამოძიება ამა წლის მაისში კვლავ განახლდა.

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოდან 2019 წლის აპრილში გამოასახლეს, ის საელჩოში 7 წელი ცხოვრობდა.

ასანჟი საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობდა. ის შიშობდა, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცავები დააკავებდნენ და აშშ-ს გადასცემდნენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკვადორის ხელისუფლება შეიცვალა, ჯულიან ასანჟს თავშესაფარზე უარი უთხრეს და ბრიტანელ სამართალდამცავებს 2019 წლის აპრილში გადასცეს.

ამჟამად ასანჟი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება, სადაც 50-კვირიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი