საფრანგეთში ქართველების დანაშაულებზე საქართველოს 2 ოფიცერი იმუშავებს – გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს 2 ოფიცერი პირდაპირ ჩაერთვება ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში, განსაკუთრებით კი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სჩადიან დანაშაულებს საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს ძალიან კარგი ბაზა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის.

გიორგი გახარიას განცხადებით, მხარეებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ იმისკენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გახადოს კიდევ უფფრო ეფექტური. მინისტრის თქმით, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მალე ორი პოლიციელი ეყოლება საფრანგეთში, რომლებიც ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან.

საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტი საქართველოში

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უწყების ცნობით, საფრანგეთთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო  გიორგი გახარიას შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან – ჟერარ კოლომბთან, რომელიც ერთი წლის წინ პარიზში შედგა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად მათ შორის სატელეფონო საუბარი თვეში ერთხელ შედგება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ორივე მხარის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლისა და სამუშაო ვიზიტების მეშვეობით.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კრისტოფ კასტანერმა დადებითად შეაფასა ფრონტექსსა და ევროპოლთან არსებული თანამშრომლობა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.

მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.