ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: დიმიტრი მედვედევს ჩემთვის არ დაუცინია, ყავა უნდოდა [ვიდეო]

2 მაისი, 2019 • 2212
ნიკოლ ფაშინიანი: დიმიტრი მედვედევს ჩემთვის არ დაუცინია, ყავა უნდოდა [ვიდეო]

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს, რომ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ერევანში, ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაზე მის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და დასცინა.

ფაშინიანისა და მედვედევის შეხვედრის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს, როგორ იცინის რუსეთის პრემიერი, პირველ მაისს გავრცელდა. ვიდეოში ფაშინიანი რუსულად საუბრობს.

„თუკი კითხვები აღარ არის, მეგობრებო, შეგვიძლია, რომ გადავიდეთ…“, — ამბობს ფაშიანიანი და რამდენიმე წამით ჩერდება.

„გადავიდეთ სად?“, — ეკითხება მედვედევი.

„გადავიდეთ დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურაზე“, — პასუხობს ფაშინიანი, — „გადავიდეთ უკვე“?

მედვედევმა თავი დააქნია და ჩაიცინა. მედვედევის გვერდით მჯდომმა ოფიციალურმა პირმაც იგივე გააკეთა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი სამსახური წერს, სოციალურ ქსელებში მედვედევის ქმედება ფაშინიანისა და მისი რუსულად საუბრის დაცინვად აღიქვეს.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მედვედევი კი არ დასცინოდა, არამედ იმედი ჰქონდა, რომ ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის მონაწილეები „შესვენებაზე ყავის დასალევად“ გავიდოდნენ. „იმიტომ, რომ ყველანი საშინლად დაღლილები ვიყავით და ყავა გვინდოდა. სესია ორნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა“, — დაწერა მან ფეისბუკზე.

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი