ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — სტოლტენბერგი

19 მარტი, 2024 • 828
ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობისკენ მისწრაფებებს.

სტოლტენბერგმა, რომელიც ბაქოსა და თბილისის შემდეგ ერევანს ესტუმრა, უმაღლესად შეაფასა ფაშინიანის ქმედებები და აღნიშნა, რომ პრემიერი მშვიდობის მომხრე და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობა განიხილეს.

„ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო საშიში სამყაროს წინაშე დავდექით. დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შანსი, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას, წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ. ამიტომ მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს და გრძელვადიან მშვიდობას თქვენი სახელმწიფოებისთვის. ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, თქვენს მშვიდობისკენ მისწრაფებებს“, —  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი დიდი ხანია ნატოს პარტნიორია და დადებითად შეაფასა მისი წვლილი ნატოს მისიებსა და ოპერაციებში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სომხეთი თითქმის 20 წლის განმავლობაში ნატოს სამშვიდობო მისიის KFOR-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, რომელიც ეხმარება კოსოვოში მცხოვრები თემებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.


ნატოს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ტურს მართავს. ის 17 მარტს ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 18 მარტს სტოლტენბერგი თბილისს ეწვია, სადაც საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი