ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი მზად არის ერევანთან დიალოგისთვის ОДКБ-ში მონაწილეობის საკითხზე — პესკოვი

13 მარტი, 2024 • 999
მოსკოვი მზად არის ერევანთან დიალოგისთვის ОДКБ-ში მონაწილეობის საკითხზე — პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ერევანთან დიალოგისთვის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ) მონაწილეობის საკითხზე, როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე ორმხრივ საფუძველზე.

კრემლის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბოლო განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ არ მიიღებს დამაკმაყოფილებელ პასუხს კითხვებზე, რაც ეს ეხება სომხეთში პასუხისმგებლობის ზონას.

„ჩვენ მოვისმინეთ ეს განცხადებები. აშკარაა, რომ წინ ბევრი სამუშაო გველის, წინ გვაქვს კომუნიკაცია, როგორც ОДКБ-ს ფარგლებში, ასევე ორმხრივ დონეზე ჩვენს სომეხ პარტნიორებთან. ჩვენ განვმარტავთ და ვისაუბრებთ შესაბამის დონეზე იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც განცხადება ბატონმა პრემიერმა [ნიკოლ ფაშინიანმა] გააკეთა“, — განაცხადა პესკოვმა.


12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აღარ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრებში, არ ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი,  არ იყენებს თავის კვოტას გენერალური მდივნის მოადგილის დასანიშნად და არ გამოხატავს მოსაზრებას სტრუქტურაში გავრცელებულ დოკუმენტებზე.

იმის შესახებ საუბრისას, თუ რამდენად პატიოსანი, სამართლიანი და ეთიკურად სწორია სომხური მხარის პოზიცია ОДКБ-ს მიმართ, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ერთი თხოვნა და ერთი მოთხოვნა ОДКБ-თან — დაზუსტდეს სომხეთის რესპუბლიკაში სტრუქტურის პასუხისმგებლობის არეალი.

„ОДКБ-თან დაკავშირებით პრობლემა ჩვენ არ შეგვიქმნია. ყველა პრობლემა წარმოიშვა იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ დავსვით კითხვა, რა არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო სომხეთის რესპუბლიკაში და ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ“ ,— განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ ОДКБ უპასუხებს კითხვას, როგორ წარმოიდგენს ის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას და პასუხი შესაბამისობაში მოვა სომხური მხარის შეხედულებებთან, ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ-ს შორის არსებული საკითხები განხილული და გადაწყვეტილია, შემდგომი შედეგები კი, შეჯამებულია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი გამოვა ОДКБ-ს შემადგენლობიდან. კონკრეტულად როდის, ვერ გეტყვით“ — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.


France 24-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] სომხეთის წევრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “სომხეთმა, პრაქტიკულად, გაყინა საკუთარი მონაწილეობა” ორგანიზაციაში.

ფაშინიანის განცხადებითვე, “ОДКБ-მ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება სომხეთის მიმართ უსაფრთხოების საკითხში”.

სომხეთის პრემიერმა ამის მაგალითად კვლავ მოიყვანა 2021 და 2022 წლები და ყარაბაღის საკითხი.

ამასთან, კითხვაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესახებ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ აღნიშნული ბაზა ОДКБ-ს ფარგლებში არ იმყოფება.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება ორგანიზაციის სომხეთისთვის არაეფექტურობის შესახებ. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი