ახალი ამბები

დავით გარეჯზე მეუფე იობის განცხადება შუღლის გაღვივებაზეა მიმართული – უგულავა

2 მაისი, 2019 • 1456
დავით გარეჯზე მეუფე იობის განცხადება შუღლის გაღვივებაზეა მიმართული – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მეუფე იობის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით არის პროვოკაცია.

„თუ ასე გაგრძელდა, რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ“, – თქვა მეუფე იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე.

“ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი, რაც მეუფე იობმა გააკეთა, არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქით მხარეს. მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ, არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!”, – ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი “პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია”.

საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის ზუსტად დადგენილი საზღვარი არ არსებობს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სწორედ საზღვართან მდებარეობს და მის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი