ახალი ამბები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQA-ს წევრი ხდება

25 აპრილი, 2019 • 2200
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQA-ს  წევრი ხდება

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი გახდება.

ცენტრის ინფორმაციით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს წევრობის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 25 აპრილს, ესტონეთში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. მათივე ცნობით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ENQA-ს წევრი ოფიციალურად 2019 წლის შემოდგომიდან იქნება.

“ეს არის უდიდესი მიღწევა უმაღლესი განათლების სისტემისთვის – ერთგვარი აღიარება იმისა, რომ დღეს საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს აღიარება კონკრეტულ შედეგებშიც აისახება, კერძოდ, ცენტრის წევრობა ENQA-ში ნიშნავს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებებისადმი ნდობის გაზრდას, მათ მიმზიდველობას უცხოელი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარების გამარტივებას ევროპაში,”-აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაკიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

  •  საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
  •  საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
  •  უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
  •  სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ENQA-ში გაწევრიანების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს თვითშეფასების ანგარიში წარადგინა. ENQA-ში გაერთიანებულია ევროპის 90-მდე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო. ცენტრის ინფორმაციით, ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო მაგალითებს უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი