ახალი ამბები

პროგრამაში ცვლილებები სახელმწიფოს ინიციატივა იყო – აგრუნის პასუხი ვეტერინარიის სტუდენტებს

8 აპრილი, 2019 • 2329
პროგრამაში ცვლილებები სახელმწიფოს ინიციატივა იყო – აგრუნის პასუხი ვეტერინარიის სტუდენტებს

აგრარული უნივერსიტეტი ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს პასუხობს და აცხადებს, რომ მათი პრეტენზიების ადრესატი არის არა აგრუნის ადმინისტრაცია, არამდეს ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფომ გაატარა.

აგრუნის ადმინისტრაციის პასუხის ვეტერინარიის სტუდენტებს

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რის გამოც ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი სავალდებულო საგნები დაემატათ და სწავლა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ, სახელმწიფოს ინიციატივა იყო.

ნეტგაზეთს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრშიც დაუდასტურეს, რომ ვეტერინარიის პროგრამა რეგულურებადი პროფესი გახდა და მოექცა იმ სტანდარტის ქვეშ, რაც სახელმწიფომ დაუწესა უნივერსიტეტებს. რეგულაციის მიხდვით, აღარ არსებობს ვეტერინარიის ცალკე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. შედეგად, არსებობს მხოლოდ ინტეგრირებული 5-წლიანი პროგრამა ვეტერინარიაში, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან.

ვეტერინარიის პროგრამა საქართველოში მხოლოდ აგრარულ უნივერსიტეტს დარჩა, ხოლო დანარჩენმა უნივერსიტეტებმა ეს ფაკულტეტი საერთოდ გააუქმეს.

“ჩვენ შევხვდით პროცესში ჩართულ ყველა საჯარო უწყებას, გავუზიარეთ რეკომენდაციები, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილება. ვუხსნიდით, რომ ეს სტუდენტებს დააზარალებდა, თუმცა მხოლოდ ჩვენ ვიბრძოლეთ, არცერთმა სხვა უნივერსიტეტმა არ დაგვიჭირა მხარი და, შესაბამისად, სტანდარტი მიიღეს ისე, რომ არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები”, – აცხადებს აგრარული უნივერსიტეტი.

აგრუნის ადმინისტრაციის განცხადებით, მათი შეთავაზება იყო არსებული სტუდენტებისთვის გარდამავალი პერიოდი (მილევადობა), თუმცა, სახელმწიფოს რეგულაციის მიხედვით, არსებული ცვლილება მოქმედ სტუდენტებსაც შეეხოთ. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბაკალავრებს დაემატათ ერთი წელი, ხოლო მაგისტრებს დიპლომი შეეცვალათ სერტიფიკატით.

“რასაც ვასწავლით, მათ მიერ დაწერილი სტანდარტია და ჩვენ ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს”.

ამ ყველაფრის შესაბამისად, როგორც აგრუნი აცხადებს, მათ უკვე აქვთ ახალი პროგრამა, რომელიც “არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ოპტიმალურია, თუმცა რეგულაციის გამო არსებული სტუდენტები, ცხადია, დაზარალდნენ”.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათი პროგრამა მოიწონა შოტლანდიელმა ექსპერტმა, რომელიც გლაზგოს უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის პროფესორია და აკრედიტაციის ექსპერთთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა აგრარულ უნივერსიტეტში.

აგრარული უნივერსიტეტის განცხადებით, ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს, რაც, მათი თქმით, საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა: “ეს შეფასება დაიწერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოვლენილი ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან და ასევე ძალაში დატოვა აკრედიტაციის საბჭომ, რომელმაც განიხილა ექსპერტთა დასკვნა”.

როგორც უნივერსიტეტი აცხადებს, არსებობს საგნები, რომლებიც ბაკალავრიატზე ისწავლება შეზღუდულად. საბოლოოდ, ბაკალავრის დიპლომის მქონე ვეტერინარს არ აქვს უფლება, ვეტერინარიაში საქმიანობის დროს ყველა პროცესში იყოს ჩართული, თუმცა, ადმინისტრაციის განმარტებით, სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლებოდა იმავე საგნების გაგრძელება სრუყოფილად შესწავლის დონეზე, მაგალითად კი ქირურგია მოჰყავს:

ბაკალავრს ჰქონდა უფლება, ოპერაციაზე მხოლოდ ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. თუმცა, ახალი პროგრამის მიხედვით, რადგან ორი სასწავლო საფეხური ერთში გაერთიანდა, პროგრამა ითვალისწინებს ყველაფრის სრულყოფილად შესწავლას. ამიტომ, საგნები, რომლებიც საბაკალავრო დონეზე აქვთ გავლილი სტუდენტებს, ჩაეთლებათ, თუმცა ამ საგნების გაგრძელება (რაც ადრე მხოლოდ სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლებოდა), უწევთ არსებულ 5-წლიან პროგრამაშიც. ისევ ქირურგიის მაგალითზე. თუ მაგისტრის ხარისხის ვეტერინარს აუცილებლად უნდა ჰქონოდა 3-სემესტრიანი ქირურგია გავლილი იმისთვის, რომ ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარების უფლება ჰქონდეს, ახლანდელი მდგომარეობით სტუდენტებს მეხუთე კურსზე მოუწევთ ქირურგიის ორი სემესტრის განმავლობაში სწავლა (ერთი სემესტრი ბაკალავრიატში ნასწავლი ეთლებათ და, ჯამში, გამოდის 1+2=3 სემესტრი). იგივე მოხდა ანატომიასა და პარაზიტულ დაავადებებზე”.

აგრარული უნივერსიტეტი სტუდენტებთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე გამოთქმულ პრეტენზიასაც პასუხობს. აგრუნის განცხადებით, როდესაც ადმინისტრაციისთვის ახალი სახელმწიფო ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი, სტუდენტები მომენტალურად ჩააყენეს საქმის კურსში.

ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ როგორც პროგრამის ხელმძღვანელს, ისე დეკანსა თუ პრორექტორს, ხოლო მათმა დიდმა ნაწილმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა.

უნივერსიტეტი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს ცვლილება სტუდენტებს დააზარალებდა, თუმცა გაწერილი სტანდარტისთვის გვერდის ავლის უფლება უნივერსიტეტს არ აქვს”, – აცხადებს აგრუნი.

აგრუნის განცხადებით, უნივერსიტეტმა სტუდენტებს სწავლის ის საფასური შეუნარჩუნა, რომლითაც ვეტერინარი სტუდენტები ჩაბარების წლიდან იხდიან, “მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრატურასთან გათანაბრებული მეხუთე კურსი გაცილებით ძვირი უჯდება თავად უნივერსიტეტს და ხელშეკრულების მიხედვით, მეხუთე კურსზე ძველი ფასის შენარჩუნება უნივერსიტეტის ვალდებულება არ ყოფილა”.

ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ვეტპრეპარატების კონტროლის სამმართველო, ვეტერინარიის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრი გატარებულ რეგულაციაზე

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აგრარული უნივერსიტეტის მონაწილეობითვე გაკეთდა შესაბამისი ანალიზი, თუ რატომ ვერ პასუხობდნენ სახელმწიფოს მოთხოვნას მათივე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები.

ცენტრის ინფორმაციით, ვეტერინარია საერთაშორისო დონეზე არის რეგულირებადი პროფესია და ეს პროფესია საქართველოშიც რეგულირებადი იყო 2010 წლამდე. ცენტრის ცნობით, ვეტერინარის მომზადება ხორციელდება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. მათივე ინფორმაციით, პირს აქვს ვეტერინარი ქირურგის კომპეტენცია, რომლის უფლებამოსილებაში, სხვა საქმიანობასთან ერთად, შედის რეცეპტის გამოწერის ვალდებულებაც:

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას – კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. შესაბამისად, ცენტრმა უზრუნველყო ვეტერინარიის სფეროში უმაღლესი განათლების ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის შექმნა და დამტკიცება. მახასიათებელი მოიცავს ინფორმაციას ვეტერინარი ქირურგის კომპეტენციის შესახებ. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განმარტებით, უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი”.

როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს ვეტერინარის საბაკალავრო პროგრამა და მიიღეს ბაკალავრის დიპლომი, შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ 60-კრედიტიანი ვეტერინარის მოსამზადებელი საგანამანათლებლო პროგრამა, მიიღონ ის კომპეტენციები, რომლებიც განსაზღვრულია 5-წლიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით და დასაქმდნენ ვეტერინარად, სხვა შემთხვევაში ისინი თავისი პროფესიით ოფიციალურად ვერსად დასაქმდებიან.

საქართველოს კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ განსაზღვრა ვეტერინარიის არსებულ საბაკლავრო პროგრამაზე ჩარიცხვის შეზღუდვა და სტუდენტების გადაყვანის ვალდებულება 300-კრედიტიან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, რადგან, როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი აცხადებს, საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულნი ვერ აკმაყოფილებდნენ ვეტერინარისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მათ არ ჰქონდათ შესაბამისი უნარები/კომპეტენცია პროფესიაში შესავლელად.

ცენტრის განმარტებით, კანონით ასევე განისაზღვრა ვეტერინარის მოზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ ვეტერინარის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენცია გაუთანაბრდება 5-წლიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციას.

რეგულაციის მიხედვით, ვეტერინარიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ ვეტერინარ-ქირურგად, როგორც სავეტერინარო კლინიკებსა და ლაბორატორიებში, ასევე ზოომაღაზიებში, ცხოველთა მოვლის კოსმეტიკურ კაბინეტებში და სხვა. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განმარტებით, იმისათვის, რომ დასაქმდე ვეტერინარად, უნდა ჩააბარო 60-კრედიტიან ვეტერინარის მომზადების პროგრამაზე ან დაამთავრო ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.

იხილეთ წინა მასალა, სადაც სტუდენტები აგრუნის ადმინისტრაციგან პასუხს ითხოვენ:

“ფაკულტეტი მოშლილია” – აგრუნის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი