ახალი ამბები

ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივების ინტერესის ხარჯზე არ მოხდება – პრემიერი

22 აპრილი, 2019 • 1034
ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივების ინტერესის ხარჯზე არ მოხდება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შს-ს და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული სამართალდამცავები საავადმყოფოში მოინახულა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა სამართალდამცველებს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – აგრესია სამართალდამცველებზე – სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არცერთი პროექტი არ განუხორციელებია ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან.

“სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინ და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილნი ან დაკავებულნი არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ  ჭეშმარიტებას – როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი