საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია ერთი ქულით გააუმჯობესა – RSF

 

საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) გამოქვეყნებული 2019 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 პუნქტით გაიუმჯობესა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა კვლავ “ძალიან პოლარიზებულია”. ანგარიშში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოუძიებელი საქმეც.

“ბოლო წლების რეფორმებმა მოიტანა წინსვლა მედიასაშუალებების მფლობელობის კუთხით გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, მაგრამ მფლობელები კვლავ ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე. დიდი გავლენა აქვს მიმდინარე დავას მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელევიზიის, “რუსთავი2″-ის მფლობელობასთან დაკავშირებით.

ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ ნაკლებად ხშირია, თუმცა მუქარები ხშირად შუქდება. 2017 წელს აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გატაცების [საქმეზე] გამოძიებას კვლავ დასადები აქვს დამაჯერებელი შედეგები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ინდექსში საქართველოს 1 ქულით ჩამორჩება მეზობელი სომხეთი და 61-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 166-ე ადგილზეა 179 ქვეყანას შორის, თურქეთი 157-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი 149-ე პოზიციაზეა.

რეიტინგის პირველ ხუთეულში ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია შედიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან