“17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი” – რატომ არ შეუშვეს საბავშვო ანსამბლი “გორდა” ისრაელში

ისრაელელმა მესაზღვრეებმა საბავშვო ანსამბლი “გორდა” ისრაელში არ შეუშვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზად ისრაელის სასაზღვრო სამსახურმა დაასახელა ის ფაქტი, რომ ანსამბლი ისრაელში მგზავრობის მიზეზად საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას ასახელებდა, თუმცა მისი 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო არასრულწლოვანი.

“ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები უახლოეს რეისზე შეეძინათ, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებისვე ცნობით, აღნიშნული 17 პირი საქართველოში გამოფრინდება 17 აპრილს, 13:30 საათზე. თელ-ავივიდან სწორედ ამ დროს ასრულებს რეისს ავიაკომპანია Myway, რომლის საშუალებითაც ისინი ისრაელში ჩაფრინდნენ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში. ასევე, ის უკვე ესაუბრა სადეპორტაციო ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვების მიმართ. 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან