ახალი ამბები

107-წლიანი ისტორია დასრულდა – ბოლო ფრენა ათათურქის აეროპორტიდან

6 აპრილი, 2019 • 3660
107-წლიანი ისტორია დასრულდა – ბოლო ფრენა ათათურქის აეროპორტიდან

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო სამგზავრო რეისი შესრულდა. ფრენა 6 აპრილს, ადგილობრივი დროით 02:00-ზე, სინგაპურის მიმართულებით განხორციელდა. ამ რეისით, ათწლეულების ისტორიის მქონე აეროპორტი რეგულარული ავიარეისებისთვის საბოლოოდ დაიხურა და ასპარეზი ახალ აეროპორტს დაუთმო.

ათათურქის აეროპორტი პირველად 1912 წელს აეროდრომის სტატუსით გაიხსნა, 1953 წლიდან კი ის აეროპორტია. მას თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელი, 1980–იან წლებში მიენიჭა. ათათურქის სახელობის აეროპორტი წელიწადში, საშუალოდ, 60 მილიონ მგზავრს ემსახურება და როგორც თურქეთის ხელისუფლება ამბობს, ეს არის ამ აეროპორტის რესურსის მაქსიმუმი. მიმდებარედ არსებული ურბანული სივრცისა და განაშენიანების გამო, ათათურქის აეროპორტმა უკვე ამოწურა გაფართოების რესურსი, რის გამოც დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობა დადგა.

სტამბოლის ახალი აეროპორტი

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზემოაღნიშნული რეისიდან 12 საათის განმავლობაში, არც ათათურქიდან და არც სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ფრენები არ შესრულდება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინტერვალისა, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურა ახალ აეროპორტში უნდა გადაიტანონ. ტრანსფერის პროცესი 45 საათს გასტანს და ჯამში, ახალ აეროპორტში 47 300 ტონა ინფრასტრუქტურას გადაზიდავენ.

სახელმწიფო აცხადებს, რომ 2023 წელს, როცა აეროპორტი სრული დატვირთვით ამუშავდება, ის უდიდესი იქნება მსოფლიოში.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 35 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის ნაპირზე, 76.5 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდა. ქალაქის ცენტრიდან ახალ აეროპორტამდე გაჰყავთ მეტროს ხაზიც, რომლის დასრულებაც ტრანსპორტის სამინისტროს 2020 წლისთვის სურს.

სტამბოლის ახალი აეროპორტი

გახსნისთვის იგეგმება, რომ აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახუროს, 2023 წლისთვის კი მგზავრთნაკადის გაზრდას 200 მილიონამდე გეგმავენ. ამ დროისათვის ახალი აეროპორტი დღეში 3 ათასზე მეტი ავიარეისის მომსახურებას შეძლებს და იქ 225 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

სწორედ ახალ აეროპორტში უნდა განთავსდეს თურქეთის ავიახაზების ძირითადი ბაზა. აღნიშნული ავიაკომპანია უკვე წლებია შეუქცევადად იზრდება. თუ თურქეთის ავიახაზებმა 2005 წელს 14 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, 2017 წელს ამ რაოდენობამ 69 მილიონს მიაღწია.

სტამბოლის ახალი აეროპორტი

სტამბოლის ახალი აეროპორტის მშენებლობას თან ახლდა ხმაური, ინციდენტები და მსხვერპლი. 52 დაღუპული მუშა მშენებლობის პროცესში – ესაა ოფიციალური მონაცემი, რომელიც თურქეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” თურქეთის საპრზიდენტო საკომუნიკაციო ცენტრიდან გამოითხოვა. ოპოზიცია იქ არსებულ შრომით პირობებს “მონურ შრომას” უწოდებდა და აცხადებდა, რომ მთავრობა ყურად არ იღებდა არაერთ გაფრთხილებას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის არასათანადო პირობების შესახებ. აღნიშნულს თან სდევდა მუშათა პროტესტი და გაფიცვები, რასაც სახელმწიფომ ასობით მათგანის დაკავებითა და პოლიციის მძლავრი მობილიზებით უპასუხა.

Bianet-ის თანახმად, ახალ აეროპორტში ინფრასტრუქტურის სრულად გადატანა რამდენჯერმე გადაიდო. პროცესის ბოლო ვადად ჯერ გასული წლის დეკემბრის ბოლო დასახელდა, შემდეგ მარტის დასაწყისი, ბოლოს კი 5-6 აპრილი.

რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს, ის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან მხოლოდ კერძო ავიარეისებს, ოფიციალურ ვიზიტებსა და თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციას მოემსახურება. სტამბოლში მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გაცილებით მცირე ზომისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი