„პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან“ – გვახარიას ჩვენება სასამართლოში

“თავიდან “გრძნობათა იმპერიის” ჩვენებაც აკრძალეს, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ფილმში ნაჩვენებ სექსუალურ აქტებს ჰქონდა სახელოვნებო დანიშნულება. ფილმს მიანიჭეს 16+ კატეგორია და ის დარჩა კინოდარბაზებში…

ბოლოხანს უხერხულობა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეექმნა, როცა გასპარ ნოეს “სიყვარული” პორნოგრაფიად მიიჩნიეს და მისი ჩვენება აკრძალეს. არადა, ეს ფილმი ცოტა ხნით ადრე კანის ფესტივალზე აჩვენეს,” – მიმართა მოსამართლეებს კინომცოდნე გოგი გვახარიამ. მან დღეს, 29 მარტს, ჩვენება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ექსპერტმა.

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს განიხილავს. იგი სადავოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის კონკრეტულ ნორმას, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებას, შენახვას ან გავრცელებას დანაშაულად მიიჩნევს. მოსარჩელის აზრით, ეს ნორმა ბუნდოვანია და არ არსებობს კონკრეტიკა, რა შეიძლება მივიჩნიოთ პორნოგრაფიად.

გოგი გვახარიას აზრით, პორნოგრაფია საერთოდ არ უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით. მისი განმარტებით, ევროპის ქვეყნების ტელევიზიებსა და საჯარო ადგილებში აკრძალულია მხოლოდ ისეთი ფილმების ჩვენება, სადაც უშუალოდ არის ნაჩვენები სექსუალური აქტი ახლო ხედით და აღგზნებული სასქესო ორგანოები.

“თვითმიზანი არ უნდა იყოს აქტის ჩვენება… ჩემი აზრით, აქ პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით უნდა არსებობდეს ცალკე კანონი”, – აღნიშნა გოგი გვახარიამ.

მოსამართლე ევა გოცირიძემ კინომცოდნეს რამდენიმე ქვეყნის კანონის ჩანაწერი წაუკითხა და იკითხა:

“თქვენი აზრით, საზოგადოებრივი მორალი არის ის ღირებულება, რომელიც სამართლებრივ დაცვას საჭიროებს?”

“საზოგადოების მორალი ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში, ქალბატონო ევა. მე არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს საერთოდ”, – უპასუხა მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

“თქვენ უხამსის გამოყენებასაც ერიდებით… კანონში არის გამოყენებული ეს ტერმინი ხშირად,” – ჩაეკითხა კინომცოდნეს მოსამართლე ევა გოცირიძე.

კითხვის პასუხად გოგი გვახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა, სადაც წლების წინ უზენაესმა სასამართლომ “ლოლიტა” ზუსტად “უხამს” და ” საზოგადოების მორალის მავნე” ნაწარმოებად მიიჩნია.

“ეს სუბიექტური შეფასებაა… თავისუფალ ქვეყნებში პორნოგრაფიის გამო არავის სჯიან,” – დასძინა ექსპერტმა.

“მაშინ რა არის პორნოგრაფიის ღირებულება, თუკი მას არ აქვს საგანმანათლებლო, სამედიცონო, ან სახელოვნებო დანიშნულება, როგორც ამას კანონი განმარტავს?”- ისევ ჩაეძია გოგი გვახარიას ევა გოცირიძე.

“მას აქვს ის ღირებულება, რომ როცა სრულწლოვანი კაცი ან ქალი რჩება მარტო, შეუძლია ამას უყუროს და მასტურბაციით დაკავდეს. ექიმი მას ეუბნება, რომ ეს მისაღებია, თუკი სექსუალური ცხოვრება არ აქვს… ბოდიშს ვუხდი სასამართლოს, რომ ამის თქმა მომიწია”, – კატეგორიული პასუხი გამოუვიდა გოგი გვახარიას.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც დადგინდება, აქვს თუ არა პორნოგრაფიულ ვიდეოს “სამედიცინო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო დანიშნულება”, – ასეა განმარტებული სისხლის სამართლის კოდექსში “პორნოგრაფია”.

“ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, რომ ეს განსაზღვრონ… ყველა ქვეყანაში მსგავს შემთხვევაში მსჯელობს კომისია,” – აღნიშნა კინომცოდნემ.

კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე მერაბ ტურავამ პრაქტიკული შემთხვევა მოიყვანა, როცა კომისია შესაძლოა ვერ შეიკრიბოს და ვერ იმსჯელოს.

“მაგალითად, მე უნივერსიტეტში ვასწავლი. “სტამბულის კონვენციამ” ხელახლა განსაზღვრა კონკრეტული ტერმინები. გაუპატიურებად ითვლება ორალური სქესობრივი კავშირიც. როცა სტუდენტები გუგლავენ ორალურ სექსს, ისეთი ფოტოები და ვიდეოები ამოდის, არ ვიცი, რა ვთქვა… როგორ უნდა დადგინდეს, ეს პორნოგრაფიაა თუ სასწავლო მასალა?” – იკითხა მერაბ ტურავამ.

გოგი გვახარიამ მოსამართლეს ნახევრად ირონიულად უპასუხა, ჩაცინებით.

“სულ იქნება ეს სადავო, ბატონო მერაბ,” – თქვა მან.

დისკუსიაში შემდეგ ისევ მოსამართლე ევა გოცირიძე ჩაერთო:

“არის თუ არა განსხვავებული შეზღუდვები ჰომოსექსუალური, ლესბოსური და ტრადიციული სექსუალური აქტის შესაბამისად? ან, მაგალითად, ჯგუფური სექსის ჩვენება… როცა ძალადობაა ნაჩვენები სექსის დროს”, – ჩამოთვალა მოსამართლემ.

“ძალადობის ბევრი სცენაა პაზოლინის ფილმებში, მაგრამ ის გენიალურია… რას ვიზამთ. გენიალური ნამუშევრის ნახვის დროს ვიღაც კათარზისს განიცდის, ვიღაცას კი მიმბაძველობა უჩნდება. ამის გამო პაზოლინის ხომ არ ავკრძალავთ?” – უპასუხა მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

ევა გოცირიძეს ისევ კითხვა გაუჩნდა: “ყველას ხომ ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს?”

“ხო, მაგრამ ასე შეიძლება პარლამენტის სხდომაზეც ხედავდე ძალადობას. მსმენია მოსაზრება, რომ ეს უფროა პორნოგრაფია, ვიდრე კონკრეტული ვიდეო”, – მიუგო მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

კინომცოდნემ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ამერიკელი რეჟისორის მეთოდი, რომელმაც სექსუალური აქტის დროს მამაკაცის სასქესო ორგანო ბუტაფორიით ჩაანაცვლა.

“მერე თქვა, ეს სათამაშოაო და გაუვიდა კიდეც. გავიდა ეს ფილმი კინოთეატრებში 12+ კატეგორიით…” – დასძინა გოგი გვახარიამ.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს კანონის დაზუსტება პორნოგრაფიის კუთხით.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი