ახალი ამბები

“კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში” – USAID-ის მისიის დირექტორი თიბისის საქმეზე

28 მარტი, 2019 • 1153
“კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში” – USAID-ის მისიის დირექტორი თიბისის საქმეზე

“ამ შემთხვევაში, მთელი რიგი ნიშნები გამოჩნდა, რამაც კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში”, – ეს განცხადება USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა თიბისის საქმეზე საუბრისას გააკეთა ბათუმელებთან ინტერვიუში.

ვიბლერმა ანაკლიის განვითარებაში USAID-ის წვლილზე და კონსორციუმზე ისაუბრა.

“რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ანაკლიაში, სადაც ღონისძიება გვქონდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად. მაშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ USAID ამაყობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პარტნიორობით. USAID არ მონაწილეობს პორტის მშენებლობაში, ჩვენ არ ვართ ინვესტორები, ჩვენი მიზანია ანაკლიის მიმდებარე დასახლებების ეკონომიკური თვითგანვითარებისა და ზრდის მხარდაჭერა. ეს დასახლებები საკმაოდ მარგინალიზებულია, ისინი  ხომ აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობენ. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. მათ ნამდვილად სჭირდებათ ყურადღება და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ჩვენი პროექტი „ზრდა“, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან თანამშრომლობით, ანაკლიის მიმდებარე დასახლებებს სთავაზობს ტრენინგებს და საგრანტო შესაძლებლობებს, რითაც ხელს ვუწყობთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ანაკლიის პორტის მუშაობას მისი აშენების შემდეგ.

რაც შეეხება TBC ბანკის თემას, როგორც ანაკლიაშიც აღვნიშნე და როგორც ელჩმა უილსონმაც თქვა, მსოფლიო აკვირდება, თუ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში საქართველო. ამას აკვირდებიან არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მთავრობები, არამედ ბიზნესები, საერთაშორისო ბანკები და ინვესტორები. ინვესტორებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და უნდა ჰქონდეთ სისტემის ნდობა. თუ ისინი ჩადებენ ფულს რომელიმე ქვეყანაში ან ეკონომიკურ პროექტში, უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი ინვესტიცია და როგორ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები, თუკი საქმე ცუდად წავა. ეს ყველაფერი ასე სწორხაზოვანია. ამ შემთხვევაში, მთელი რიგი ნიშნები გამოჩნდა, რამაც კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია როგორც უცხოური ინვესტიციები, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, რადგან სწორედ ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას, ეს კი საქართველოში ყველას სურს”, – განაცხადა ვიბლერმა.

სრული ინტერვიუ

http://batumelebi.netgazeti.ge/news/190900/

მასალების გადაბეჭდვის წესი