მეგატრონების თამაში უნდა დასრულდეს — უგულავა სააკაშვილსა და ივანიშვილზე

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ “მეგატრონების თამაში” უნდა დასრულდეს, რაც, მისი თქმით, პროპორციული საპარლამენტო არჩევნებითაა შესაძლებელი.

გიგი უგულავამ 24 მარტს რუსთავი2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” ნიკა გვარამიას კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ სააკაშვილის, ისევე როგორც ივანიშვილის, ადგილი საქართველოშია. კითხვაზე, “რატომ აპარალელებს” იგი ამ ორ ადამიანს, უგულავა პასუხობს:

“იმიტომ, რომ ორი მსხვილი ფიგურაა. ერთმა მეორე გააგდო ქვეყნიდან და მეორე პირველს დაჭერით ემუქრება. ამიტომ ვაპარალელებ, თორემ შინაარსობრივად მე რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო და არ მომწონდეს მიშას თითოეული თუ ყოველი გამონათქვამი, ამ ორ სუბიექტს შორის ტოლობის ნიშანს არ და ვერ დავსვამ”, — თქვა უგულავამ.

“პროპორციულად თუ ჩატარდება არჩევნები, სააკაშვილი თავის პარტიასთან ერთად წარდგება ამომრჩევლის წინაშე, ისევე, როგორც მე ჩემს პარტიასთან ერთად და ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის ივანიშვილიც. ვინ როგორ რას იზამს, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ეს მეგატრონების თამაში საქართველოში უნდა დამთავრდეს. მეგატრონების თამაში [ის] არის, რომ ორი ვითომ კუნთიანი ტიპი ერთმანეთს ეჩხუბება”. უგულავას თანახმად, პროპორციული არჩევნებით ეს დასრულდება, რადგან 50%-ს ვერცერთი მათგანი ვერ აიღებს.

უგულავამ კითხვაზე პასუხად ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის პრემიერობის შემთხვევაში იგი მინისტრად ვერ ხედავს საკუთარ თავს. “სააკაშვილის მთავრობაში მე არ და ვერ ვიქნები”, – თქვა მან და შემდეგ თქვა, რომ “დღევანდელი მიშა სააკაშვილი არ არის ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com