შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახსნილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების საქმე, რომელიც19 მარტს თბილისში, პეკინის გამზირზე მოხდა.
სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი, 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს
და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. პოლიციამ ბრალდებულები თბილისში დააკავა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.