ახალი ამბები

“რატომ გსურთ, რომ სასამართლო სისტემა წარმატებული იყოს…” – მათიკაშვილის კითხვები ოხანაშვილს

19 მარტი, 2019 • 1773
“რატომ გსურთ, რომ სასამართლო სისტემა  წარმატებული იყოს…” – მათიკაშვილის კითხვები ოხანაშვილს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე შესული რამდენიმე კანონპროექტი განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მომხსენებელ და თანაპარტიელ ანრი ოხანაშვილს კითხვებით მიმართა.

სხდომაზე ოხანაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს წარადგენდა, რომელსაც არასამთავრობოები და ოპოზიცია ეწინააღმდეგება, ასევე, დამოუკიდებელი იურისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მმართველ ჯგუფს კვლავ ექნება საშუალება, პარლამენტს დასამტკიცებლად მისდამი ლოალურად განწყობილი მოსამართლეების კანდიდატურები წარუდგინოს.

დავით მათიკაშვილი, რომელმაც ოხანაშვილს კითხვებით მიმართა, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის თანამოაზრეა.

“მეც მაქვს კითხვები წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით:

რატომ ქმნით კანონპროექტით ამ პროცესის უპრეცედენტო საჯაროობას და გამჭვირვალობას მაშინ, როდესაც დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან მარგველაშვილმადე ეს პროცესი საჯაროობის გარეშე მიმდინარეობდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ფონზე.

რატომ გსურთ, ბატონო ანრი, რომ აღნიშნული კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნენ და განწესდნენ მაღალი დონის პროფესიონალები. რატომ?

რატომ ადგენთ ისეთ წესს, რომ სასამართლოს სისტემის გარედანაც მოხდეს განაცხადების შეტანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განწესებისთვის და რატომ არ კეტავთ ამ წრეს იუსტიციის საბჭოში?

რატომ არ ანგრევთ საკონსტიტუციო დანაწესებს და რატომ არ ანიჭებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანცელარიის ფუნქციას?

რატომ ანიჭებთ, ბატონო ანრი, ამ კანონპორექტით პარლამენტს იმის უფლებას, რომ თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად ჩაატაროს ეს პროცესი, დასვას კითხვები და საზოგადოებამ დაინახოს, ვისთან/ რასთან გვაქვს საქმე. რატომ შვრებით ამას?

ბოლო კითხვა, ბატონო ანრი, რატომ გინდათ, რომ სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული და უკეთესი, ვიდრე დღეს არის? რა არის მიზეზი?”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მის განცხადებას დარბაზში რეპლიკები მოჰყვა. ოპოზიციონერ ხათუნა გოგორიშვილს ვანო ზარდიაშვილის მიერ თეა წულუკიანისთვის დასმული კითხვები გაახსენდა.

“ის ურჩევნია მამულსა… ზარდიაშვილს აჯობე. ქალბატონო თეა, როგორ შეგიძლიათ… აჯობა”, – თქვა გოგორიშვილმა.

“როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა” – ზარდიაშვილის კითხვები წულუკიანს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი