ახალი ამბები

“როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა” – ზარდიაშვილის კითხვები წულუკიანს

19 ივნისი, 2018 • 9503
“როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა” – ზარდიაშვილის კითხვები წულუკიანს

პარლამენტის კომიტეტების შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიატ თეა წულუკიანს კითხვებით მიმართა.

“ნეტგაზეთი” ზარდიაშვილის კითხვებს უცვლელად გთავაზობთ:

“გულწრფელად მინდა გკითხოთ, ქალბატონო თეა, როგორ მოახერხეთ, რომ ბიუჯეტი აღრ ივსება საპროცესო შეთანხმებებით შემოსული თანხებით. როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია აბსოლუტურად სხვა რანგში. როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე სწრაფად და მყისიერად რეაგირებენ საზოგადოების მოთხოვნებს. როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს.

როგორ მოახერხეთ, რომ ასე უცბად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, Doing Business-ის ყველა კომპონენტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, თვალშისაცემი პროგრესია – ამ ყველაფერს როგორ ახერხებთ ასე უცბად. როგორ მოახერხეთ, რომ აღსრულების ახალი კანონია მიღებული, სისხლის სამართლებრივი კოდექსის ძირეული ცვლილება როგორ მოახერხეთ ისე, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ოპონენტები ვერ ხედავენ.

როგორ მოახერხეთ, რომ 93-%ით არის გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაზრდილი. 95 პროცენტითაა შემცირებული გირაოების ოდენობა, 78 პროცენტითაა შემცირებული სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება. 11-ჯერ ნაკლები საჩივარი იგზავნება სტრასბურგში – ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ, ქალბატონო თეა, ნამდვილად მაინტერესებს” – ჰკითხა წულუკიანს ვანო ზარდიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი