ახალი ამბები

“ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ!” – მათიკაშვილი ოპოზიციას ემუქრება

16 აპრილი, 2024 • 647
“ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ!” – მათიკაშვილი ოპოზიციას ემუქრება

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს დაემუქრა. მისი თქმით, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საქციელი – მან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა – მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის.

“მე-8 წელია პარლამენტის წევრი ვარ. ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, არცერთს არ უნახავთ და არ ახსოვთ, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ჭავჭავაძის სურათს და ხმა-კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამიიწვია. ასეთ რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრულ საქციალი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გინახავთ, გვითხარით.

ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო. ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის: ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციონერმა კოლეგებმა მას შეახსენეს, რომ უნახავთ და ახსოვთ მსგავსი ქცევები პარლამენტში, თუმცა მათიკაშვილმა მათ არ მოუსმინა და განაცხადა, რომ ამგვარი ქცევები “ქართული ოცნების” კურსს ვერ შეცვლის.

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა.

„შენი რუსი…“ — ისმის კადრში ალეკო ელისაშვილის ხმა, რის შემდეგაც მის გარშემო სხვა დეპუტატები იწყებენ ჩხუბს. ამ დროს გაითიშა პირდაპირი ეთერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან.

საპასუხოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიტეტიდან პარლამენტის ეზოში გამოსულ ელისაშვილს ტაშით შეხვდნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები.

“გავილახე, მაგრამ საქართველოსთვის გავილახო” – თქვა ელისაშვილმა კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ და დაამატა, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლება “რუსეთში მიგვაქანებს გაქანებით”.

მოგვიანებით, ელისაშვილი შეუერთდა რუსული კანონის საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ, სადაც განაცხადა, რომ კომიტეტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ სახლთან ახალგაზრდების ჯგუფი მიუვარდა. ელისაშვილმა “ქართული ოცნება” ტრიბუნიდან გააფრთხილ: მის ოჯახს “თმის ერთი ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე გაჩვენებთ მე სეირს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი