შტუტგარტში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა – [ფოტო]

შტუტგარტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, სახელწოდებით “რუსეთი კლავს” გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილზე ყვავილები და სანთლები მოიტანეს, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება და პროტესტი გამოხატეს.

შტუტგარტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ფოტო: შოკა ჩიტაშვილი

შტუტგარტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ფოტო: ნანა სანდლერი

შტუტგარტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ფოტო: ნანა სანდლერი

შტუტგარტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ფოტო: ნანა სანდლერი


არჩილ ტატუნაშვილი — ყოფილი სამხედრო, რომელიც საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, ორ ადამიანთან ერთად 2018 წლის 22 თებერვალს დააკავა ოსურმა მხარემ.

ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც იგი იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ის აწამეს და ცხედრის გადმოცემაც იმიტომ დააგვიანეს, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

გიგა ოთხოზორია – 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში დე ფაქტო აფხაზეთის მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა სასამართლომ კანჯი ოღლი დაუსწრებლად გაასამართლა და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მასზე გამოცხადებულია ძებნა.

ირაკლი კვარაცხელია – 2019 წლის 12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.

გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტების მოსაზრებით, კვარაცხელიას სხეული “არის თოკის ნაჭდევი”, გარდა ამისა, დაზიანებულია მისი შინაგანი  ორგანოებიც. ოჯახი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას გალის ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან