ჩემი ციხის წერილიდან ციტატა მეგონა, თუმცა მივესალმები – უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიესალმება მიხელ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის თავმჯდომარე სჭირდება. მისივე თქმით, პარტიას რომ თავმჯდომარე სჭირდებოდა, ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრები ადრეც საუბრობდნენ.

“სიმართლე გითხარათ, ჩემი ციხის წერილიდან ციტატა მეგონა [სააკაშვილის განცხადება]. ძალიან კარგია, ჩვენ ამას მაშინაც ვამბობდით. ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ეს პარტიის გადასაწყვეტია. ის, რომ პარტიისთვის თავმჯდომარე აუცილებელია, ამაზე ბატონმა მიხეილმაც ისაუბრა. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, მივესალმები ამ პროცესს,” – აცხადებს გიგი უგულავა.

დღეს, 18 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე სჭირდება. როგორც ცნობილია, ენმ-ს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს.

ამის ოფიციალური არგუმენტი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დევნილობაში იმყოფება. ეს საკითხი 2017 წლის გაყოფის დროს დღევანდელი ევროპული საქართველოს წევრებსა და ენმ-ში დარჩენილ პოლიტიკოსებს შორის დაპისიპირების ერთ-ერთ საგანი იყო. ბაქრაძე/უგულავა/ბოკერიას გუნდი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიას ადგილზე სჭირდება ლიდერი, რომელიც დროშას ხალხთან ერთად აიტაცებს.

“მე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, – აცხადებს სააკაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.