ახალი ამბები

გორის მერის ცნობით, ხურვალეთში 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირია გადმოსული

15 მარტი, 2019 • 2625
გორის მერის ცნობით, ხურვალეთში 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირია გადმოსული

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხინვალის მხრიდან 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გადმოვიდა. ამის შესახებ თავზარაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა. მერის თქმით, ეს ის ინფორმაციია, რომელიც მან მიიღო. თავზარაშვილი ამჟამად თბილისიდან მიემგზავრება ადგილზე. ის ისრაელიდან დაბრუნდა ცოტა ხნის წინ.

მისი ინფორმაციით, ადგილზე სიმშვიდეა.

“თებერვალში გააკეთეს პოსტი [ხურვალეთში]. იმ პოსტიდან ცოტა აქეთ, 10 მეტრით არიან გადმოსულები, მოქალაქის ნაკვეთში დგანან. 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირია. ჩვენი პოლიცია ადგილზეა მობილიზებული. არავითარი ექსცესი არ არის. ჯერჯერობით სიწყნარეა”, – გვითხრა გორის მერმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ძალებს ტექნიკა არ შემოუყვანიათ. თავზარაშვილის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია და ისინი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ უშვებენ.

მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთი გორის მერს ესაუბრა, განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების სამსახურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამასთან, სოფელში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა.

ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს.

13 მარტს ოსური მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში, დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად შექმნან წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი