ახალი ამბები

როგორ გგონიათ, ქართველების მკვლელობა ჩვენ არ გვტკივა? – ზალკალიანი ოპოზიციას

14 მარტი, 2019 • 896
როგორ გგონიათ, ქართველების მკვლელობა ჩვენ არ გვტკივა? – ზალკალიანი ოპოზიციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

ზალკალიანმა არ გაიზიარა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილის კრიტიკა იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩიხში არის შესული. სამადაშვილმა საქართველოს მიდგომას რუსეთისასდმი უწოდა ბავშვის სტრატეგია, რომელიც ურჩხულის დანახვისას თვალებს ხუჭავს. სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, რატომ არ აყენებს საქართველო საკითხს, რომ რუსეთს სანქციები დაეკისროს  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

“ყველა ქმედება და საუბარი, რაც საერთაშორისო ფორმატებში გვაქვს გამოყენებული, არის რუსეთის დესტრუქციული ქმედების წინააღმდეგ. 2008 წლიდან 2012 წლამდე როდესმე ყოფილა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი რუსეთი? ან ეუთო-ს მინისტერიალებზე ერთი განცხადება მაინც მითხარით. როდესმე ყოფილა, რომ აშშ-ის საკანონდმებლო აქტში რუსეთის ქმედებები ყოფილიყო ასეთი სიმწვავით მწვავედ დაგმობილი და ოკუპაციას დარქმეოდა ოკუპაცია და საქართველო ყოფილიყო სანქციების ნაწილში მიბმული? ეს თუ არის ჩვენი მაამებლური დამოკიდებულება, საზოგადოებამ განსაჯოს…  როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება, ქართველების მკვლელობა, ჩვენ არ გვტკივა და არ მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? როგორ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო. მე არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, რომ არაფერი დავაკელი ამ მოცემულ გარემოებაში. 2008 წელს, როცა ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძელით სანქციების მიღება? – ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი ვითარება იყო, რომ გაგეკეთებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის  კონსოლიდაცია”, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რაც შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი