ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში სტუდენტური ჯგუფის წევრებმა ბლოგერის ნაგვის ურნაში ჩაგდება სცადეს

4 მარტი, 2019 • 1882
ერევანში სტუდენტური ჯგუფის წევრებმა ბლოგერის ნაგვის ურნაში ჩაგდება სცადეს

სომხეთის სამართალდამცავები იძიებენ ჯგუფურ თავდასხმას ნარეკ მალიანზე, ბლოგერსა და პოლიციის ყოფილი უფროსის მრჩეველზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

ნარეკ მალიანს კვირაღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხა სტუდენტური ჯგუფის, “რესტარტ ესუს” რამდენიმე წევრი, მათ შორის, ჯგუფის დამაარსებელი და ერთ-ერთი ლიდერი, დავით პეტროსიანი. “რესტარტი” ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ესუ-დან) კორუფციაში ბრალდებული რექტორის გადადგომას ითხოვს.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიათრევენ ძალის გამოყენებით პეტროსიანი და სხვა ახალგაზრდები მალიანს გვერდით ქუჩაზე, მანამ, სანამ პოლიციელები გააჩერებენ.

აქტივისტები და მალიანი ადგილზე დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში ყველა მათგანი გამოუშვეს. მთავარი პროკურატურის თანახმად, ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით და ამჟამად პოლიცია მასალებს აგროვებს.

მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში “რესტარტმა” განაცხადა, რომ მალიანის სანაგვე ურნაში ჩაგდება სურდათ. როგორც პეტროსიანმა თქვა, მან და მისმა ამხანაგებმა “ნაგვისთვის ადგილის მიჩენა” გადაწყვიტეს, რადგან, პეტროსიანის თანახმად, მალიანი მათ შეურაცხყოფას აყენებს და ცილს სწამებს.

მალიანმა, რომელიც გასულ წლამდე სერჟ სარქისიანის დროინდელი პოლიციის (ყოფილი) უფროსის, ვლადიმირ გასპარიანის, მრჩევლად მუშაობდა, ინციდენტი “გატაცების მცდელობად” შეაფასა. ბლოგერმა “რესტარტი” მილიარდერი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის “ღია საზოგადოების ფონდის” სომხეთის ოფისსა და ფაშიანიანს დაუკავშირა.

მალიანმა ფეისბუკზე პოსტში დაწერა, რომ “რესტარტს” სოროსის ფონდი “აქტიურად აფინანსებს”.

ბლოგერმა ინციდენტი დაუკავშირა მისი მხრიდან ესუ-ს რექტორის, არამ სიმონიანის აქტიურ მხარდაჭერას.  იგი აქტიურად გამოდის სიმონიანის მხარდასაჭერად — მაგალითად, გასულ კვირას მან ერთკაციანი აქცია ჩაატარა ესუ-ის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ, რომლის ნაწილიც რექტორთანაა დაპირისპირებული.

“რესტარტი” კი, მალიანისგან განსხვავებით, რექტორის გათავისუფლებას თითქმის წელიწადია, რაც ითხოვს. ამასთან, ჯგუფის ახლანდელი თუ ყოფილი წევრები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ფაშინიანის “ხავერდოვან რევოლუციაში”.

მალიანი კი, პირიქით, განსაკუთრებით კრიტიკულია ქვეყანაში განვითარებული დრამატული ცვლილებების მიმართ. ის ხშირად ესხმის სიტყვიერად თავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს.

მალიანმა 4 მარტს ფეისბუკზე “რესტარტის” შესახებ დაწერა, რომ ფაშინიანთან აფილირებული ჯგუფია და “უნდა აღინიშნოს, რომ “რესტარტს” პიროვნული ანტიპათია აქვს ჩემ მიმართ”.

ფაშიანინმა 3 მარტის ინციდენტი დაგმო. “ნებისმიერ მცდელობას, სომხეთში არსებული პრობლემები ძალადობით გადაიჭრას, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს… ახალ სომხეთში ყველა, ვინც ძალადობის, სიცრუისა და ტყუილების ლოგიკას მისდევს, სომხეთის, დემოკრატიისა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

პეტროსიანი და “რესტარტი”, “ხავერდოვანი რევოლუციის” გარდა, სხვა აქციებშიც იღებდნენ რევოლუციამდე მონაწილეობას. მაგალითად, ეს ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ჯარში მსახურების გადავადებას აუქმებდა.

მასალა მომზადებულია რადიო თავისუფლების სომხური გამოცემის მასალებზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი