ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მილიტარიზაციის ტენდენცია სომხეთში

21 დეკემბერი, 2017 • 3076
მილიტარიზაციის ტენდენცია სომხეთში

ვემსახუროთ თუ არ ვემსახუროთ?

სომხეთის პარლამენტმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ჯარში მსახურების გადავადების გაუქმების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. კანონი “სამხედრო მსახურებისა და სამხედრო პირის სტატუსის შესახებ” მთლიანად არ აუქმებს ჯარში მსახურების გადავადებას, უბრალოდ, გადავადების წესს ცვლის: შესაძლებელი ხდება თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება გადავადების შესახებ, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ ჯარში არა ორი, არამედ სამი წელი უნდა იმსახურო. თავად გადავადებაც მხოლოდ 26 წლის ასაკამდეა შესაძლებელი.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტები ის არის, რომ “აქამდე გადავადება ნიშნავდა დისკრიმინაციას, შეიცავდა კორუფციის რისკებს, რომ აღარფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ არმია პოტენციურ სამხედრო მოსამსახურეებს კარგავდა”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებითვე, იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, ვინც ჯარი გადაავადა, შემდგომში საერთოდ აღარც გაუვლია სავალდებულო სამხედრო სამსახური.  

კანონში შეტაანილ ცვლილებებს სომხეთში კრიტიკა მოჰყვა. მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა – პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია “ელკი”, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სტუდენტები. თუმცა ამ პროტესტს ხელი არ შეუშლია იმ კანონის მიღებაში, რომელსაც პარლამენტში თავად თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი იცავდა.

სხვათა შორის, თავის დროზე, მინისტრი ვიგენ სარგსიანი თავადაც სარგებლობდა ჯარის გადავადებით, სომხეთში, რუსეთსა და აშშ-ში სამი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაემთავრებინა. კანონის მოწინააღმდეგეებს კანონმდებლებისთვის არც იმის შეხსენება დავიწყებიათ, რომ არმიაში მმართველი ელიტის სხვა ბევრ წარმომადგენელსაც არ უმსახურია, – მაგალითად, ერევნის მერს, ტარონ მარგარიანს, ანდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, არმენ აშოტიანს.

როგორც კანონის მოწინააღმდეგენი ამბობენ, გადავადების გაუქმება მნიშვნელოვნად არ გაზრდის წვევამდელების რიცხვს, თუმცა მეცნიერებასა და განათლებას გამოუსწორებებელ დარტყმას მიაყენებს.

ოპოზიცია არც იმ აზრს ეთანხმებოდა, რომ გადავადების გაუქმება კორუფციულ რისკებს შეამცირებდა – თუ აქამდე წვევამდელების უმრავლესობა სრულიად სხვა მუხლით – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისუფლდებოდა ჯარიდან,მომავალშიც აქ უნდა ვეძებოთ მთავარი კორუფციის წყარო.

[blue_box]“ოთხდღიანი ომი” და “ერი-არმიის” კურსი[/blue_box]

მიღებული კანონპროექტი პირველი მცდელობა არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის გადავადების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ლევონ ტერ-პეტროსიანის დროს იყო. მაშინ ამ იდეის წინააღმდეგ, ჯარში სტუდენტების გაწვწვასთან დაკავშირებით, ეროვნული კრების თავმჯდომარე ბაბკენ არარკციანი გამოვიდა, რომელიც თანამდებობიდან წასვლითაც დაიმუქრა, თუკი ცვლილებას მიიღებდნენ.

რთული სათქმელია, რამ უფრო მეტად იმოქმედა ქვეყნის ხელისუფლებაზე – არარკციანის პრინციპულმა პოზიციამ, თუ სტუდენტური პროტესტის საფრთხემ, თუმცა იმჟამად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ხელი აღარ ეხლო.

სტუდენტებისთვის შეღავათების გაუქმების მცდელობას ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის დროსაც. მაშინ ამ ინფორმაციამ სტუდენტებს შორის მნიშვნელოვანი პროტესტი გამოიწვია. თუმცა ხელისუფლებამ მაშინაც უკან დაიხია, ზოგიერთი სტუდენტი კი, რომელიც პროტესტს სათავეში ჩაუდგა, შემდგომში ცნობილი პოლიტიკოსი, აქტივისტი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდა.

შესაბამისად, ჯარში მსახურების გადავადების გაუქმების იდეა არ არის ახალი, მაგრამ წინა წლებში ხელისუფლებამ მისი რეალიზაციისგან თავი შეიკავა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის გარემოება იყო, რომ გადავადების მხარდამჭერთა არგუმენტები უფრო დამაჯერებელად გამოიყურებოდა, ან შეიძლება, პროტესტის პოტენციალის გათვალისწინებით, ხელისუფლებას არ სურდა, სტუდენტები მის წინააღმდეგ განეწყო.

სომხეთში წლიდან წლამდე ვიწროვდებოდა ჯარში მსახურების გადავადების მსურველ სტუდენტთა წრე, მაგალითად, ამჟამად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არ სარგებლობენ გადავადებით, არც ისინი, ვინც სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობენ. თუმცა, რატომ დაიწყო ახლა მთლიანად გადავადების გაუქმებაზე საუბარი? რა შეიცვალა?

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელისუფლებას რადიკალური ზომებისკენ უბიძგა, დემოგრაფიულია. ისივე როგორც რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, პოსტაბჭოთა წლებში სომხეთს დემოგრაფიული დანაკარგი ჰქონდა – 90-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური სიტუაციისა და ომის გამო ქვეყანას ბევრი ადამიანი ტოვებდა. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში დემოგრაფიული სტატისტიკა სტაბილური გახდა და ქვეყანაში დაბრუნების ტენდენციაც შეინიშნებოდა.

თუმცა 2008 წელს, არჩევნების შემდგომ, დაპირისპირებებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მიგრაციული სალდო უარყოფითი გახდა. ამასთან, 90-იანი წლების ბოლოს მოსახლეობის გადინება და შობადობის კლება საფუძვლად დაედო გრძელვადიან ნეგატიურ დემოგრაფიულ სტატისტიკას.

ამ ყველაფრის შედეგად, თუკი ბოლო აღწერის შედეგად, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩატარდა, სომხეთში დაახლოებით 3,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, დღესდღეობით სომხეთის მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონია. მოსახლეობის დაბერებისა და სეზონური მიგრაციის ფაქტორების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ჯარში გაწვევის უზრუნველყოფის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.

ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო/MOD Armenia

[red_box]“ოთხდღიანი ომი” და “ერი-არმიის” კურსი[/red_box]

ამის მიუხედავად, მხოლოდ დემოგრაფიული ფაქტორები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლების ბოლო ინიციატივა ავხსნათ. როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ, სტუდენტთა რაოდენობა, ვინც გადავადებას ითხოვდა, არცთუ ისე ბევრი იყო, იმ დროს, როდესაც მათი უმრავლესობა, ვინც გაწვევას გაურბის, ამას სამედიცინო მიზეზებით მაინც ახერხებს.

საქმე ის არის, რომ კანონპროექტი სრულიად ჯდება ხელისუფლების ახალი კურსის ჩარჩოში, რომელსაც თავად უწოდებს  “ერი-არმიის” შექმნის კურსს. ის, რომ მთლიანობაში, სხვა დანარჩენი მცდელობებისგან განსხვავებით ,ხელისუფლებამ კანონპროექტის მარტივად გატანა შეძლო, იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთში საზოგადოებრივი კლიმატიც შეიცვალა.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით, 2016 წლის აპრილში ყარაბაღში განვითარებული “ოთხდღიანი ომის” შემდეგ, სომხეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკურსი  მილიტარიზაციისკენ ტენდენციას ასახავს. საზოგადოებაში დომინირებული დისკურსი, თუკი ამ ტერმინს გამოვიყენებთ, რუსული რეალობიდან მოდის და სულ უფრო მეტად ხდება “ნაციონალურ-პატრიოტული”. ამით სარგებლობს დღევანდელი ხელისუფლება, საკუთარ ქმედებებს ლეგიტიმაცია რომ მისცეს, ამავდროულად კი, კრიტიკოსთა ხმების მარგინალიზაცია განახორციელოს.

2016 წლის აპრილში ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციამ “პატრიოტულ” მობილიზაციამდე და სომხურ საზოგადოებაში კონსოლიდაციამდე მიგვიყვანა.  

როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, როგორც წესი, მსგავსი მობილიზაცია მმართველ ელიტას ხელს აძლევს. ამ კანონზომიერებამ, მიუხედავად ზოგიერთი განსაკუთრებულობისა და საბაბისა, სომხეთშიც იმუშავა.

ოპოზიციის გადასახედიდან, “ომის განახლების შემთხვევაში, ხელისუფლების ნებისმიერი ნაკლის მიუხედავად, ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს და არსებული ხელისუფლების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს”.

“ოთხდღიანი ომის” დამთავრებიდან მალევე სომხური ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-სარგსიანი ამჟამინდელ პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. ეს ფაქტი ოპოზიციამ აღიქვა, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქვეყნისთვის რთულ დროს. ეს ხაზი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც გააგრძელეს.

2017 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროსაც ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა თავს იკავებდა ხელისუფლებაზე განსაკუთრებული აქტიური თავდასხმისგან. მეტიც, ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ უმსხვილესმა ოპოზიციურმა ბლოკმა ელკმა ამომრჩეველს არათუ  მოუწოდა პროტესტისკენ, შედეგებიც კი არ გაუსაჩივრებია, რაც სომხური პოლიტიკისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

რა თქმა უნდა, ის, რომ ფორმალურმა ოპოზიციამ უარი თქვა რადიკალურ კრიტიკაზე ხელისუფლების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება და ენდობა. სომხეთში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია კვლავ რთულია და უკმაყოფილებაც არსად გამქრალა. არჩევნების შედეგებიც, რომელიც ძირითადად განპირიბებული იყო ოპოზიციის სისუსტითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, შესაძლოა მოჩვენებითი იყოს. როგორც 2016 წლის ივლისის მოვლენებმა აჩვენა [როდესაც შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის შენობა დაიკავეს, მათმა მხარდამჭერებმა კი ქუჩებში მიტინგები დაიწყეს], ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ არის მაღალი, პროტესტის პოტენციალი კი საკმაოდ დიდია.

სწორედ ამიტომ, მილიტარისტული რიტორიკა და “ერი-არმიის” კურსი ხელისუფლებისთვის მომგებიანია. გარე მტრის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება, რის გამოც უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული  ყველა ძალის მობილიზაცია, ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლების ბრძნული მმართველობის პირობებში, ხელს უწყობს  ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმ დროს, როდესაც ეს ლეგიტიმაცია ვერ მოაქვს დემოკრატიულ პროცედურებს, რომლებიც დიდი ხანია ფორმალობად იქცა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მცხოვრებლებს ეს კარგად ესმით. ეს არგუმენტი შედარებით დემოკრატიულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების ქმედებების ლეგიტიმაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია. რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი რეგიონის ღიად ავტორიტარულ ქვეყნებზე. ასე უფრო იოლია ხელისუფლების ნებისმიერი წინააღმდეგობრივი ნაბიჯის ახსნა, ხალხი დააშინო გარე საფრთხით, კრიტიკოსები კი “მეხუთე კოლონად” და “მოღალატეებად” შერაცხო.

სამწუხაროდ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია სომხეთში შემცირდება, ქვეყანაში, რომელიც უკვე თითქმის სამი ათწლეულია კონფლიქტშია ჩართული. ამასთან, მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში, სომხური საზოგადოება ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მზაობას აჩვენებდა. 90-იანი წლების დასაწყისშიც კი, როდესაც ყარაბაღში ომი დაიწყო, ერევნის ცენტრში ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა.

იმ წლების შემდეგ, სომხეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული მონაპოვრებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, აქ არც კლასიკურმა ავტორიტარული მოდელმა გაიდგა ფესვები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ასე რომ, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს საზოგადოების მილიტარიზაციის კურსს, არც ისე ადვილი იქნება პროგნოზი, სადამდე მივა ეს ყვლაფერი – რეჟიმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს ეს კურსი თუ საპირისპირო ეფექტს მოიტანს?

მასალების გადაბეჭდვის წესი