მოსამართლეები რ2-ის სიუჟეტის საკითხზე ჯანეზაშვილი/დოლიძისგან განმარტებას ითხოვენ

მოსამართლეები “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული სიუჟეტის “ირონიული გაზიარებისა” და მხარდაჭერისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს განმარტებებს სთხოვენ.

ამ სიუჟეტის საკითხზე განცხადებით გახსნა საბჭოს სხდომა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რასაც სხდომაზე კამათი მოჰყვა.

“გუშინწინ “რუსთავი 2″-მა მოამზადა სიუჟეტი მოსამართლეთა ქონებების შესახებ, რომელიც უხვად იყო დატვირთული პროვოკაციული, მოსამართლეთა მიმართ ხალხში სიძულვილის განმაპირობებელი და დამთესი შეფასებებით და ტყუილებით. ამ სიუჟეტის საფუძველზე გუშინ საზოგადიებამ და ჩვენც ვიხილეთ საბჭოს წევრთა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო შეფასებები. ერთი მათგანი ახსენებს, რომ სასამართლო ხელისუფლება გახრწნის პირასაა და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მოსამართლეთა ქონება უკანონო გზებით ხომ არ არის შეძენელი. მეორე წევრი აცხადებს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია იგივე საკითხის გამოსაძიებლად. იმ რეაქციებიდან გამომდინარე, რაც ამ თანმდევმა შეფასებებმა გამოიწვია, სრულიად ლეგიტიმური ინტერესი მაქვს მე და მოსამათლეთა კორპუსს, ჩემს კოლეგებს, რომ მოვისმინო საბჭოს სხდომაზე განმარტებები, საჯარო მოხელეებისთვის დაწესებული ეთიკური ვალდებეულებები ვრცელდება თუ არა საბჭოს წევრებზე”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი (რომლებიც საბჭოს წევრები არ არიან) მივიდნენ და ასევე მოითხოვეს ახსნა-განმარტება ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილისგან, მათ შორის, ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელში სიუჟეტის “ირონიული პათოსით” გაზიარების გამო.

გაბინაშვილის თქმით, სასამართლოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეთქმულებას აქვს ადგილი. “ჯერ ჩაიხედეთ დოკუმენტებში და მერე აუბით მხარი იმ ადამიანებს, რომლებიც ჯამბაზები არიან, უბრალოდ”,- განაცხადა გაბინაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოსამართლეებს მოუწოდეს, თუ თვლიან, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეთიკის ქარტიას მიმართონ. ასევე, მათი თქმით, ამ საკითხზე გამოძოება პროკურატურამ უნდა დაიწყოს.

“მოსამართლეები მოვიდნენ აქ იმისთვის, თუ რატომ გავაზიარე მე “რუსთავი 2″-ის სიუჟეტი და ამის მერე მეკითხებიან, თუ რატომ არის სასამართლო სისტემა ხრწნის პირას. სამარცხვინოა, როცა მოსამართლეები მოდიან საბჭოს სხდომაზე იმისთვის, რომ საბჭოს წევრს მოსთხოვონ პასუხო გაზიარებული სიუჟეტის გამო. ეს არის მინიმუმ არასერიოზულო და სამარცხვინო”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე

მოსამართლე გვრიტიშვილმა რ2-ს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com