იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის რუსთავი 2-ზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ინფორმაცია მან ნეტგაზეთს წერილობით დაუდასტურა.
საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც, ავტორის ინფორმაციით, მოსამართლეთა სახლებსა და მათ კუთვნილ მშენებლობებს ეხებოდა. სიუჟეტი ეთერში 16 თებერვალს გავიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ რომ სახლების ნაწილი მოსამართლეებს ,ქონების დამალვის მიზნით, ოჯახის წევრებზე აქვთ გადაფორმებული.
რაც შეეხება თავად გვრიტიშვილს, სიუჟეტის მიხედვით, მას ბულაჩაურში 3 000 კვ. მ-იანი ეზო და ორსართულიანი სახლი აქვს, რომელიც მას მამამ ცოტა ხნის წინ გადაუფორმა.
გვრიტიშვილმა ტელეკომპანიას სიუჟეტის გასვლის შემდგომ უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ დოკუმენტურად დაადასტურებდა ყველა გარემოებას. მან ასევე დასძინა, რომ არ გამორიცხავდა სარჩელის შეტანასაც.
ნეტგაზეთმა ზემოხსენებული ინფორმაციის დასადასტურებლად გვრიტიშვილს მიმართა, რომელმაც გვითხრა, რომ მოვლენათა ამგვარ განვითარებას მართლაც არ გამორიცხავს.
“არ გამოვრიცხავ. ჩემს კოლეგებთან მექნება კონსულტაციები მომდევნო დღეებში და ვნახოთ,” – უთხრა ნეტგაზეთს გვრიტიშვილმა.