ახალი ამბები

სასულიერო აკადემია ადასტურებს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ ბარნოვის პედაგოგობა

8 თებერვალი, 2019 • 1870
სასულიერო აკადემია ადასტურებს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ ბარნოვის პედაგოგობა

თბილისის სასულერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო განცხადებას ავრცელებს გოჩა ბარნოვთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო აკადემიაში ავიწროვებენ და დევნიან.

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, კანონიკური სამართლის სპეციალისტმა, თეოლოგიის დოქტორმა გოჩა ბარნოვმა განაცხადა, რომ მისი შევიწროვების საფუძველი გახდა  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და სტუდენტების ევროპაში სასწავლებლად გაგზავნაზე გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა ამის გამო ის აზრის შეცვლას არ აპირებს.

აკადემია 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ სრულიად დაუშვებლად და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია არა  განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, არამედ “ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა”.

“2019 წლის 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო აკადემიის პედაგოგის, ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედიასივრცეში გავრცელებული მოსაზრებები ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომლებშიც იგი ცილს სწამებს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, ვინაიდან „პრორუსულად“ აცხადებს მას, რაც, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია, და, ასევე, უკიდურესად შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენებს განსხვავებული აზრის მქონე ადგილობრივ ეკლესიებსა და მათ საჭეთმპყრობლებს, პირდაპირ უწოდებს რა სხვა აზრის მქონე ყველა პირს „არანორმალურ ადამიანს“. მეტიც, ბ-ნი გოჩა „საღ ჭკუაზე მყოფებად“ მხოლოდ „იმ ეკლესიის მეთაურებს“  მიიჩნევს, რომლებიც მის პოზიციას დაეთანხმებიან, ხოლო სხვა აზრის მქონე ეკლესიის მეთაურებს იგი, ცხადია, „საღ ჭკუაზე მყოფებად“ არ მოიაზრებს”, – ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

სასულიერო აკადემია აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ბარნოვის მოსაზრებების გამოხატვის ფორმაზე სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა და:

“ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს და გოჩა ბარნოვის განცხადებების შემდეგ დაუშვებლად მიიჩნია მისი პედაგოგობა, თუმცა  საბჭომ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე აუცილებელია შეხვედრა მასთან და უშუალოდ მისგან განმარტებების მოსმენა. შეხვედრის თარიღად, მისივე სურვილით, განისაზღვრა ორშაბათი, 11 თებერვალი, ვინაიდან, იგი, სამწუხაროდ, ვერ დაესწრო ხუთშაბათს, 7 თებერვალს, გამართულ ზემოხსენებულ სამეცნიერო საბჭოს სხდომას, თუმცა მოწვეული იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი