ახალი ამბები

გოჩა ბარნოვი: სასულიერო აკადემიიდან გამათავისუფლეს

14 თებერვალი, 2019 • 2665
გოჩა ბარნოვი: სასულიერო აკადემიიდან გამათავისუფლეს

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ თბილისის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან დაითხოვეს.

როგორც ბარნოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, სამეცნიერო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასულიერო აკადემიაში თავისუფალი აზრის გამოთქმა იდევნება.

“მიზეზი არის ის, რომ არ შეიძლება, სასულიერო აკადემიაში გამოითქვას თავისუფალი განსხვავებული აზრი. თუკი ვინმე თავისუფალ აზრს გამოთქვამს, ის დაისჯება”, – განაცხადა ბარნოვმა.

ბარნოვის თქმით, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ მხოლოდ საბჭოს სამმა წევრმა გააპროტესტა, რომლებიც მისი მეგობრები არიან, სხვები კი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას დაემორჩილნენ.

გოჩა ბარნოვი მიიჩნევს, რომ სასულიერო აკადემიიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშე უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო დადგა. სასულიერო აკადემიაში 11 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მას განმარტების გაკეთება მოუწია “ინტერპრესნიუსსთვის” მიცემული ინტერვიუზე, სადაც თეოლოგი ამბობს, რომ “ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური” უკრაინის ავტოკეფალიას ნელ-ნელა აღიარებს.

თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე, გოჩა ბარნოვის თქმით, ზემოაღნიშნული ინტერვიუს შესახებ საუბარი არ ყოფილა და განხილვის საგანი გახდა მისი პოსტი, სადაც აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.

“მე დავწერე განცხადება, რომელშიც ქრისტიანული მოტივით ბოდიშს ვუხდიდი მათ, ვისაც შეიძლება რაღაც ტკივილი მივაყენე ჩემი ზოგიერთი გამონათქვამით. ჩათვალეს, რომ ეს არ არის საკმარისი. გიორგი ზვიადაძემ მოითხოვა, ბოდიში მომეხადა პირადად მისთვის და შენდობა მეთხოვა იმის გამო, რაც დავწერე. მე უარი განვაცხადე, რადგან ყველაფერი, რასაც აკადემიაში არსებულ პრობლემებზე ვწერდი, რეალურია”, – განაცხადა ბარნოვმა.

თეოლოგის თქმით, მან სამეცნიერო საბჭოს სხდომა დატოვა. ამ უკანასკნელმა კი 1,5-საათიანი მსჯელობის შემდეგ ბარნოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი