საპატრიარქო დეკანოზი მამალაძის ოჯახს ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს საპატრიარქო ინსტიტუციის მთავარ შენობასთან კარვის გაშლისა და პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყების გამო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს” – აცხადებს საპატრიარქო.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სინოდისთვის მასალების გადაცემაზე პროკურატურამ უარი ახლახან თქვა: “დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.”

საპატრიარქოს განცხადებით, ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.”

4 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი კარავი გაშალეს.

მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, კარავში მამალაძის ოჯახის წევრები დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

თორნიკე მამალაძის თქმით, აქცია 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. მისი თქმით, ოჯახი დეკანოზ მამალაძის ზიარებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ დეკანოზი უდანაშაულოა.

დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან [ფოტო/ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.