ახალი ამბები

შსს–მ კრედიტის უკანონოდ მიღების და თაღლითობის ფაქტზე 7 პირი დააკავა

28 ივლისი, 2014 • • 996
შსს–მ კრედიტის უკანონოდ მიღების და თაღლითობის ფაქტზე 7 პირი დააკავა

შსს–ს ინფორმაციით ნათია ხ-მ, კახაბერ ა-მ, გელა ჯ-მ და ელგუჯა წ-მ 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე, თბილისში, „რესპუბლიკა ბანკს“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ს, „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“ და „პრივატ ბანკს“ სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კომპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. ყალბი დოკუმენტაცია მათ ჯუმბერ ქ-მ, კახა ა-მ და გია ფ-მ დაუმზადეს.

აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკებსა და ნათია ხ-ს, კახაბერ ა-ს, გელა ჯ-ს და ელგუჯა წ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მათ უკანონოდ აიღეს კრედიტები. შსს–ს ინფორმაციით მიღებულ თანხას ბრალდებულები ერთმანეთში ინაწილებდნენ. გაცემული კრედიტების სახით ბანკებისათვის მიყენებულმა ზარალის ოდენობამ ჯამში 279 631 ლარი შეადგინა.

გამოძიება ნათია ხ-ს, კახაბერ ა-ს, გელა ჯ-ს და ელგუჯა წ-ს მიმართ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ხოლო ჯუმბერ ქ-ს, კახა ა-ს და გია ფ-ს მიმართ კი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი