ახალი ამბები

აგროკრედიტისთვის გამოყოფილი 1.4 მილიონი ლარი არამიზნობრივად გამოიყენეს — საგამოძიებო სამსახური

18 ოქტომბერი, 2023 • 1049
აგროკრედიტისთვის გამოყოფილი 1.4 მილიონი ლარი არამიზნობრივად გამოიყენეს — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდეულია 14 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ბრალდებულების მიერ, 2019-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებულ იქნა, საერთო ჯამში, 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას“ ,— აცხადებს საგამოძიებო სამსახურო.

უწყების ინორმაციით, ბრალდებულებმა თანხის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით ყალბი დასკვნები მოამზადეს, რომელთა მიხედვითაც, კრედიტები თითქოს მიზნობრივად დაიხარჯა.

„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა, ჯამში, 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი