ახალი ამბები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” თადუმაძის დიპლომის ასლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

31 იანვარი, 2019 • 1949
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” თადუმაძის დიპლომის ასლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა, რაც მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვას უშედეგოდ ითხოვს.

გიგაური დასძენს, რომ რაკიღა პროკურატურა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას არ ასრულებს, ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

“სამწუხარო რამე ხდება და ჩვენთვის, მართალი გითხრათ – გაუგებარიც. 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც მთავრობის კანცელარიიდან, ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პროკურატურიდან ამ ინფორმაციის მიღება. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ არის, რადგან ქვეყანას აქვს გაკეთებული  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველობა არის გამვჭირვალე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება საჯარო უწყებებიდან არის შესაძლებელი.

დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში ცდილობს, რომ მოიპოვოს მთავრი პროკურორის დიპლომი. იმის გამო, რომ არც იუსტიციის სამინისტრომ, არც მთავრობის კანცელარიამ და არც პროკურატურამ ჩვენ არ მოგვაწოდა დიპლომის ასლი, ვიჩივლეთ სამინისტროში და ახლა სასამართლოს წესით ვცდილობთ, რომ ეს  ინფორმაცია მოვიპოვოთ. ეს თავისთავად არის ნამდვილად წარმოუდგენელი რამ, რომ 6 თვის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მთავარი პროკურორის დიპლომის ასლის მოპოვება,“-განაცხადა ეკა გიგაურმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.

ნეტგაზეთმა პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა კომენტარისთვის. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

რაც შეეხება თავად თადუმაძეს, საპროკურორო საბჭოს საიტზე ვკითხულობთ, რომ 1999 წელს თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაამთავრა და იურისტის კვალიფიცკაცია მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ერთი წლით ადრე თადუმაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსტიტეტში სამთო ინჟინრის ბაკალავრის ხარისხი დაიცვა, ხოლო 2001 წელს ამავე უნივერსიტეტში სამთო ინჟინრის მაგისტრატურა დაამთავრა.

თადუმაძემ მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს გასული წლის ზაფხულში უპასუხა. როგორც მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაუგებარია, რატომ გაჩნდა მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები.

თადუმაძის თქმით, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ყოველთვის იყო მოთხოვნადი იურისტი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები ორი მილიარდერის ოჯახის ინტერესებს იცავდა (პატარკაციშვილი, ივანიშვილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი