ახალი ამბებისამართალი

ეს არასამთავრობოები სად იყვნენ 2012 წლამდე? – მოსამართლე გვრიტიშვილი

29 იანვარი, 2019 • 3039
ეს არასამთავრობოები სად იყვნენ 2012 წლამდე? – მოსამართლე გვრიტიშვილი

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლოს მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას კრიტიკითხვე პასუხობს.

“ეს არასამთავრობოები სად იყვნენ 2012 წლამდე? გაგახსენებთ, სად იყვნენ. კაპიტანი ეკა გიგაური – ასე მოვიხსენიებ მე მას ჩემს პოსტებში. მაღალი თანამდებობა ეკავა იმ დროს. 2010 წლიდან კი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე 8 წელია. არ გამიგონია მე არცერთი სიტყვა არც ქალბატონი გიგაურისგან და არც სხვა არასამთავრობოების მხრიდან მოსამართლეთა ამ შემადგენლობის მიმართ. მაშინ არ იყო კლანი?” – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში დღეს, 29 იანვარს.

არასამთავრობო სექტორი უკვე წლებია, აკრიტიკებს საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემას. ისინი აცხადებენ, რომ ამ სისტემაში ძალაუფლების გამყარებისთვის მოსამართლეთა ერთი კონკრეტული ჯგუფი იბრძვის. ისინი სწორედ ამის დასტურად მიიჩნევენ მოსამართლეთა იმ ათკაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად.

მოსამართლე გვრიტიშვილი 2012 წლამდე

2012 წლამდე, ანუ პერიოდში, რომელზეც დიმიტრი გვრიტიშვილი საუბრობს, აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყვნენ. გვრიტიშვილი ადასტურებს, რომ მოსამართლეთა უმეტესობა ამ პოსტზე სწორედ ამ პერიოდში დაინიშნა. მაგალითად, თავად გვრიტიშვილი არაერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში და მის შესახებ ნეტგაზეთს არაერთი სტატია აქვს მომზადებული წლების წინ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციელებმა სცემეს იმდროინდელ ოპოზიციონერ აქტივისტ დაჩი ცაგურიასა და მის მეგობარს. ცაგურიას ინტერსებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა, მოსამართლე კი სწორედ დიმიტრი გვრიტიშვილი იყო.

ცაგურიას ადვოკატი საია-დან კახა კოჟორიძე ამბობდა, რომ წინასწარ იყო ცნობილი, მოსამართლე რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდა, რადგან მან ცხრიდან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკამყოფილა, რაც გულისხმობდა ერთ-ერთი პოლიციელის დაკითხვას, თუმცა მოსამართლემ არ მისცა კოჟორიძეს პოლიციელისთვის კითხვების დასმის საშუალება 2012 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე. ამის შემდეგ ადვოკატმა მიიჩნია, რომ მის ყოფნას სასამართლო პროცესზე აზრი არ ჰქონდა. მოსამართლე გვრიტიშვილმა დაკავებულები სამართალდამრღვევებად სცნო და მათ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გვრიტიშვილი იყო ის მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის მოთხოვნა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმების შესახებ იმის გამო, რომ ამ კომპანიამ “ქართული ოცნების” ოფისები შეაკეთა.

დიმიტრი გვრიტიშვილს უკავშირდება დიღმის ტყე–პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნა, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება კანონით გახდა შესაძლებელი.

2011 წლის 31 იანვარს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. მაშინ გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რითაც ისინი თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყე–პარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდნენ.

უფრო მეტი გვრიტიშვილის 2012 წლამდე საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ აქ:

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი