ახალი ამბები

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

23 სექტემბერი, 2012 • 6265
მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

დაჩი ცაგურიას საქმე

იმის გამო, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა და დაკავებულების ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლე გვრიტიშვილის მიკრძოებულობაში ეჭვი შეიტანა, მან პროტესტის ნიშნად დატოვა 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი. დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავდა დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯის საკითხს.

“დაჩი ცაგურია ელბაქიძის გამზირზე მიდიოდა თავის მეგობართან ერთად ავტომობილით, პოლიციელები გადაუდგნენ წინ და უკან ავტომობილებით, ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან. იქნებოდა 20–25 პოლიციელი. დაკავების შემდეგ ორივე მათგანს ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების ნიშნები, განსაკუთრებით დაჩი ცაგურიას. დაჩი ამბობს, რომ ცემის შემდეგ მათ ცოცხებთან ერთად გადაუღეს სურათები”, – განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძე ამბობს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, მოსამართლე რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდა, რადგან მან ცხრიდან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკამყოფილა, რაც გულისხმობდა ერთ–ერთი პოლიციელის დაკითხვას, თუმცა მოსამართლემ კოჟორიძეს პოლიციელისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ ადვოკატმა მიიჩნია, რომ მის ყოფნას სასამართლო პროცესზე აზრი არ ჰქონდა. მოსამართლე გვრიტიშვილმა დაკავებულები დამნაშავედ სცნო და მათ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოწმეების დაკითხვისა და მომჩივანის შუამდგომლობების დაკმაყოფილების გარეშე, დიმიტრი გვრიტიშვილმა საქმის არსებით განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანას მიმდინარე წლის 28 მაისს მხოლოდ 4 საათი მოანდომა. მან დაადგინა, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს ”მენეჯმენტ სერვისი”.

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის საქმე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა [იმ დროისათვის კონტროლის პალატამ] 2012 წლის 14 მაისს 4 760 000 ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოში საშუალოდ რა ჯდება 1კვ.მ ფართის გარემონტება. პასუხად მიიღო, რომ მინიმალური რემონტის ღირებულება 150 ლარია. კონტროლის პალატამ, დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, ეს თანხა გადაამრავლა “ქართული ოცნების” 22 ოფისის ფართზე (სადაც ჩატარდა რემონტი) და მიღებული თანხა – 476 ათასი ლარი– მიიჩნია კომპანიის მიერ “ქართული ოცნებისათვის” გაწეულ უკანონო შემოწირულობად და დააჯარიმა ათმაგი ოდენობით.

“მენეჯმენტ სერვისის” ადვოკატები – ეკა ბესელია და ალექსანდრე ბარამიძე ითხოვდნენ მოსამართლე გვრიტიშვილისგან, სხდომა გადაედო და დალოდებოდა კერძო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელიც რეალურად დაითვლიდა, თუ რა დაჯდა “ქართული ოცნების ოფისების შეკეთება.

მოსამართლე გვრიტიშვილის თქმით, ესქპერტიზის დასკვნა რაიმე ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებდა და ამის საჭიროება არ იყო. მოსამართლემ არც იმ ადამიანების დაკითხვა ჩათვალა საჭიროდ, ვინც უშუალო ზედამხედველობას უწევდა სარემონტო სამუშაოებს.

ამის შემდეგ ბესელიამ და ბარამიძემ გვრიტიშვილის აცილების საკითხი დააყენეს. ეკა ბესელიამ მოსამართლეს უწოდა არაობიქეტური, მიკერძოებული და იგი დაადანაშაულა ფორმალური სასამართლოს მოწყობაში. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ბესელია გააფრთხილა, რომ სასამართლოსადმი მსგავსი შეფასებები არაკორექტული და უპატივცემულობის გამოხატვაა, რისთვისაც 50-დან 500 ლარამდე ჯარიმით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. ბესელიამ განაცხადა, რომ მას თავისი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვს და ეს მუქარა მოსამართლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად შეაფასა, ასევე, ხელახლა გაიმეორა ის  სიტყვები, რითაც მოსამართლეს რამდენიმე წუთის წინ მიმართა და ხელმეორედ დააყენა მისი აცილების საკითხი, რასაც ბარამიძეც დაეთანხმა, თუმცა, უშედეგოდ.

დიღმის ტყე-პარკის სტატუსი

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის სახელი კიდევ არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, მათ შორისაა დიღმის ტყე–პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნა, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება კანონით გახდა შესაძლებელი.

2011 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რითაც ისინი თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყე–პარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდნენ.

სხვა საქმეები

მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილმა 2011 წლის  26 მაისს თბილისშ გამართულ აქციაზე ერთ–ერთი დაკავებულის საქმეზეც ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ავთანდილ თედლიაშვილს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება 2011 წლის 18 ნოემბერს. მაშინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა, რომ სასამართლოს სამინისტროსთვის დაევალებინა საჯარო ინფორმაციის გაცემა და ამ ინფორმაციის გაუცემლობის გამო სამინისტროსთვის ზიანის ანაზრაურების დაკისრება.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” სასჯელაღსრულების სამინისტროსგან თვეების მანძილზე ითხოვდა საჯარო ინფორმაციას  სამინისტროში დასაქმებული თანამდებობის პირების, ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების, ტენდერების, სატელეფონო ხარჯების, სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტებზე და ა.შ. იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია არ გასცა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ის გასაჩივრდა სასამართლოში.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნული საჩივარი არ დააკამყოფილა და განმარტა: “სასამართლო თვლის,  რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა ისეთი სახით, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ მზა სახით არარსებული ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას და მოძიებული მონაცემების სინთეზის გზით ახალი დოკუმენტების შექმნას,   ამასთან – ისეთ პირობებში, როდესაც არ არის დასაბუთებული ასეთი სახით ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა მოპასუხის მიერ თავისი ფუნქციის შესრულებისათვის. აგრეთვე – არც მოპასუხის საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს ამგვარი დამუშავების ვალდებულებას”.

დიმიტრი გვრიტიშვილი 2007 წელს მუშაობდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, 2007–2008 წლებში კი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო. მისი შემოსაალი აღნიშნულ თანამდებობაზე წელიწადში, საშუალოდ, 45–47 ათასი ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი