“ადამიანურად ვწუხვარ, მინდა, მე მოვიხადო ბოდიში” – უგულავა კალაძის განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, კალაძის დღევანდელ განცხადებას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ეხმიანება. ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა მას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანება” შესთავაზა, რასაც უგულავა “უკბილო იუმორს” უწოდებს.

“მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა დაზარალებულს – დღეს ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. გარდაცვალებულთათვის პატივის მიგება და დაკრძალვა უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი, დღეს დასახიჩრებული ადამიანების მკურნალობა უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. დღეს უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე ზრუნვა უნდა იყოს ზრუნვის საგანი და არა პოლიტიკური კინკლაობა.


სიმართლე გითხრათ, ტრაგედიიდან მეორე დღეს რანაირად უნდა მოახერხო ამ განცხადების გაკეთება, როგორ უნდა მიხვიდე ა წერტილიდან ბ წერტილამდე, უბრალოდ, ადამიანურად წარმოუდგენელია. მორალშიც აღარ ჯდება, იუმორის შეფასებასაც არ დავიწყებ. უკბილო იუმორი იყო. გუშინ  დაშვებული იყო დროშები და გამოცხადებული იყო გლოვის დღე, მეორე დილას კი თბილისის მერი ამ განცხადებით იწყებს. შეუძლებელია, რაიმე კომენტარი.. ადამიანურად ვწუხვარ, მინდა, ბოდიში მე მოვიხადო ამ განცხადების გამო,” – ამბობს გიგი უგულავა.

კახა კალაძე დღევანდელი ფრაზით ენმ-ისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოხმაურა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით “არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება და ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს.”

კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მშენებლობებთან დაკავშირებულ დერეგულაციებზე ისაუბრა და ქალაქში არსებულ პრობლემებში სწორედ ისინი დაადანაშაულა.
ამავე თემაზე:

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან